ახალი მეთოდით, დედამიწის უძველესი ისტორიის შესწავლა ქვიშის ყოველი მარცვლიდან არის შესაძლებელი — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, პლაჟის ქვიშის მარცვლებს პლანეტის ისტორიის შესახებ იმაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. გაითვალისწინეთ, როდესაც შემდეგ ჯერზე სანაპიროს მიაშურებთ საბანაოდ თუ გასარუჯად.
მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომლითაც „ასაკის გადანაწილების ანაბეჭდს“ განსაზღვრავენ ქვიშაში, მინერალ ცირკონში. შემდეგ ეს ანაბეჭდები შეიძლება გამოვიყენოთ მილიარდობით წლის მანძილზე დედამიწის ზედაპირის ევოლუციის უკეთ შესასწავლად.
ცირკონს გეოლოგები აქტიურად სწავლობენ, რადგან ის მაშინაც წარმოიქმნება, როდესაც კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებიან. ზოგიერთი კრისტალი შეიძლება მილიარდობით წლის იყოს და თან ატარებდეს უზარმაზარ ისტორიას.
ცირკონი მდგრადია გეოლოგიური ეროზიისადმი; და რადგან ის დანალექებს წარმოქმნის, მათთან ერთად ინახავს ინფორმაციასაც.
როდესაც დედამიწის ქერქი იფხვნება და ახალ ქანებს წარმოქმნის, მის შემადგენლობაში ინახება ქანების ასაკის „დროის შტამპიც“. ციცქნა მარცვლებადაც რომ დაიფხვნას, მისი ისტორიის შეგროვება მაინც შესაძლებელია.
„მსოფლიო პლაჟები ერთგულად ინახავს ჩვენი პლანეტის გეოლოგიური წარსულის დეტალურ ისტორიას, დედამიწის მილიარდობით წლიანი ისტორია ქვიშის თითოეული მარცვლის გეოლოგიაშია ამოტვიფრული; ჩვენი მეთოდი კი ამ ინფორმაციის გახსნის საშუალებას გვაძლევს“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის სედიმენტოლოგი მილო ბარჰამი.
ქვიშის ნიმუშებში ცირკონის ასაკის გადანაწილების დადგენით, გეოლოგიური თვალსაზრისით ახლიდან ძველისკენ, ახალი მეთოდი მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ მთის წარმომქმნელ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი სანაპიროების ამ დეპოზიტების დალექვამდე.
ამ მიდგომას იმის გარკვევაც შეუძლია, როგორ განვითარდა დედამიწაზე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირველი ბიოსფერო; შეუძლია გაცილებით შორეული წარსულის კვლევა, ვიდრე გეოლოგიური ანალიზის სხვა მეთოდებს.
კვლევის ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა არსებულ მეთოდებთან შედარებით არის ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ტექტონიკურ მოძრაობათა შესწავლა იმ პერიოდებშიც კი, როდესაც თავად დანალექოვანი დეპოზიტების ასაკი უცნობია.
მკვლევართა ჯგუფმა საკუთარი მეთოდი სამ კვლევაში გატესტა, რა დროსაც გამოჩნდა, როგორ მუშაობს ასაკის გადანაწილების ანაბეჭდი. შეისწავლეს დანალექები სამხრეთ ამერიკიდან, აღმოსავლეთ ანტარქტიდიდან და დასავლეთ ავსტრალიიდან.
„მაგალითად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება დანალექები სამხრეთ ამერიკის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებიდან, რადგან დასავლეთ სანაპიროზე მრავალი ახალგაზრდა მარცვალია, რომლებიც კონტინენტის ქვეშ ქერქის ჩაძირვის შედეგად წარმოიქმნა, რაც ანდებში მიწისძვრებსა და ვულკანებს იწვევს“, — ამბობს გეორონოლოფი კრის კირკლანდი.
მისივე განცხადებით, აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაფერი გეოლოგიურად შედარებით მშვიდია და წარმოდგენილია ძველ და ახალ მარცვალთა ნარევი, რომლებიც ამაზონის აუზის სხვადასხვა ქანებიდან არის მოსული.
ახალი ანალიზი ამ ადგილების შესახებ ჩატარებული წინა კვლევების შედეგებს დაემთხვა. მკვლევართა განცხადებით, მიმდებარე დანალექებში ასაკის გადანაწილებაზე დაყრდნობით, ქვიშის თითოეულ მარცვალსაც კი შეუძლია ცნობები მოგვცეს იმ ტექტონიკური ძალების შესახებ, რომლებმაც ისინი წარმოქმნა.
მეცნიერთა ვარაუდით, ახალი მეთოდით შესაძლებელია ძველი კვლევების ხელახლა ანალიზი, ისევე როგორც გაცილებით მეტი დეტალის გარკვევა დანალექების სამომავლო კვლევებში.
კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.