იაპონიის ქვეშ აღმოჩენილი მთის ზომის კლდოვანი მასა შეიძლება უმძლავრესი მიწისძვრების მიზეზი იყოს — #1tvმეცნიერება
იაპონიის ქვეშ აღმოჩენილი მთის ზომის კლდოვანი მასა შეიძლება უმძლავრესი მიწისძვრების მიზეზი იყოს — #1tvმეცნიერება

მთის ზომის ვულკანური ქანის მასა, რომელიც სამხრეთ იაპონიის სანაპიროს ქვეშაა მოთავსებული, შეიძლება უზარმაზარ როლს ასრულებდეს უზარმაზარი მიწისძვრების წარმოქმნაში.

კუმანო-პლუტონის სახელით ცნობილი ამ წარმონაქმნის ახალი 3D ვიზუალიზაციის მიხედვით, მეგამიწისძვრების ტექტონიკური ენერგია მის მხარეს, რამდენიმე წერტილშია გადამისამართებული.

ეს კი მეცნიერებს ამ რეგიონში მასიური ბიძგების უკეთესად პროგნოზირებაში შეიძლება დაეხმაროს, ასევე უკეთ გაიგონ, როგორ ურთიერთქმედებენ ეს ვულკანური მასები ტექტონიკურ აქტივობასთან.

„არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, ზუსტად როდის, სად და რამდენად დიდი მიწისძვრა მოხდება, მაგრამ ჩვენი მოდელისა და დაკვირვებათა მონაცემების კომბინირებით, შეგვიძლია დავიწყოთ ახლო მომავლის პროცესების შეფასება. ეს კი იაპონიის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მონაცემებს მოგვაწვდის, რათა მზად იყვნენ შემდეგი დიდი მიწისძვრისთვის“, — ამბობს იაპონიის ზღვა-დედამიწის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გეოფიზიკოსი შუიჩი კოდაირა.

კუმანო-პლუტონის ნიშნები პირველად 2006 წელს გამოჩნდა. როგორც სახელიც მიუთითებს, ის პლუტონის სახელით ცნობილი კლდოვანი წარმონაქმნია — ვულკანური ქანების შეჭრა, რომელიც მის ქვეშ არსებულ ქანებს გადააადგილებს, ნელ-ნელა ცივდება და მოზრდილი ნაჭრის სახით მკვრივდება.

სეისმურმა ვიზუალიზაციამ აჩვენა, რომ ნანკაის სუბდუქციის ზონის გარშემო ქანებში, რაღაც სხვანაირი სიმკვრივე იყო; ეს გახლავთ რეგიონი, რომლის გასწვრივაც, ერთი ტექტონიკური ფილა მეორის კიდის ქვეშ მისრიალებს, რასაც თან ახლავე გაძლიერებული მიწისძვრა ა ვულკანური აქტივობა. ციფრული სიმულაციებით დადგინდა, რომ ეს ნაჭერი პლუტონურია.

თუმცა, ნამდვილი ზომა შეუსწავლელი რჩებოდა. ახლახან, ნანკაის სუბდუქციის ზონის შესახებ 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების საშუალებით, მკვლევართა ჯგუფმა კუმანო-პლუტონის მთლიანი რუკა შეადგინა.

ბიძგები და რყევები შეიძლება დამანგრეველია, მაგრამ ამავე დროს მძლავრი ხელსაწყოცაა. ბიძგები მართლაც საოცარი რამ არის. ჭავლებივით მოდის წარმოშობის წერტილიდან, გამოივლის პლანეტაში და ირგვლივ მიმოიფანტება.

სეისმური ტალღების მიერ გამოვლილი გზა და გარკვეული მასალების მიერ მათი არეკვლა, სეისმოლოგებს ძლიერ ღრმად არსებული სტრუქტურების რუკის შედგენის საშუალებას აძლევს.

სამუშაო ძლიერ შრომატევადი იყო, მოიცავდა არა მხოლოდ იაპონიის მიწისძვრების ქსელის მიერ აღრიცხულ მილიონობით სეისმურ ჩანაწერს, არამედ სხვა სამეცნიერო პროგრამებისაც და წარმოადგენდა ყველა დროის უდიდეს სეისმურ მონაცემთა კრებულს.

ნანკაის სუბდუქციის ზონის შესახებ შეგროვებული დიდი ოდენობით მონაცემი მკვლევრებმა ტეხას-ოსტინის სუპერკომპიუტერ LoneStar5-ში შეიტანეს, რათა პლუტონური წარმონაქმნის მაღალი რეზოლუციის 3D მოდელი მიეღოთ. მართლაც, გამოვლინდა ისეთი მახასიათებლები, რომლებიც იქამდე არასოდეს ენახათ.

მოდელმა აჩვენა, რომ პლუტონური წარმონაქმნის წონა მის ქვეშ არსებულ ქერქს ღუნავს, ჭიმავს და მის თავზე ოდნავ ზემოთ იბურცება. მათდა გასაკვირად გაირკვა ისიც, რომ დედამიწის ქერქის ძლიერ გაღუნვის გამო, წარმონაქმნი მიწისქვეშა წყლებს დედამიწის ქერქში, ზედა მანტიისკენ ატარებს.

ვინაიდან კუმანო-პლუტონი ძლიერ მკვრივი და უდრეკია, სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექტონიკურ აქტივობაშიც.

კუმანო-პლუტონის გვერდებიდან იღებდა სათავეს 8 მაგნიტუდაზე უფრო ძლიერი მიწისძვრები 1944 და 1946 წლებში. ვინაიდან ეს სუბდუქციური ფილები ძლიერ მგრძნობიარეა სტრუქტურაში ცვლილებებისადმი, პლუტონს სავარაუდოდ სიღრმისეული ეფექტი აქვს ამ რეგიონის გეომეტრიასა და ტექტონიკურ აქტივობაზე.

მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს იმ მიწისქვეშა სტრუქტურების კვლევებს, რომლებიც შეიძლება სხვა სუბდუქციურ ზონებში იმალებოდეს.

„ის ფაქტი, რომ ასეთი დიდი აღმოჩენა უკვე კარგად შესწავლილ ზონაში გავაკეთეთ, ერთგვარად თვალის ამხელია, რა შეიძლება გველოდეს უფრო ნაკლებად შესწავლილ ზონებში“, — ამბობს ტეხას-ოსტინის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ადრიან არნალფი.

კვლევა Nature Geophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.