აღმოჩენილია უცნაური გალაქტიკა ბნელი მატერიის გარეშე - შეცბუნებული ასტრონომები
აღმოჩენილია უცნაური გალაქტიკა ბნელი მატერიის გარეშე - შეცბუნებული ასტრონომები

ბნელი მატერია ჯერჯერობით იდუმალებითაა მოცული. მაგრამ ახლახან ასტრონომებმა ერთი ექსტრაორდინარული და შემაცბუნებელი აღმოჩენა გააკეთეს — პირველად ისტორიაში, მიაგნეს გალაქტიკას, რომელსაც თითქმის საერთოდ არ აქვს ბნელი მატერია.

წარმოდგენა არავის აქვს, ზუსტად რა შეიძლება იყოს ბნელი მატერია, მაგრამ ამჟამად ის ყველაზე ელეგანტურ ახსნას გვთავაზობს გალაქტიკებში მიმდინარე ზოგიერთ დინამიკურ პროცესთან დაკავშირებით. მიჩნეულია, რომ გალაქტიკათა უმეტესობა უფრო მეტ ბნელ მატერიას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივს.

გამომდინარე აქედან, ბნელი მატერიისგან თავისუფალი ეს გალაქტიკა უბრალოდ შემაცბუნებელია.


გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ ამჟამად გაბატონებული მოსაზრების მიხედვით, ბნელი მატერია არა მხოლოდ კომპონენტი, არამედ გალაქტიკის დაბადებისათვის აუცილებელი პირველი მოთხოვნაა.

გალაქტიკა სახელად NGC1052-DF2 მდებარეობს ჩვენგან 65 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

მისი ფიზიკური ზომა თითქმის ირმის ნახტომის ტოლია, მაგრამ ჩვენი გალაქტიკის ყოველ 200 ვარსკვლავზე, მასში ერთი ვარსკვლავი მოდის.

იგი იმდენად მეჩხერია, რომ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, მის უკან მდებარე გალაქტიკებიც კი ჩანს.

ვარსკვლავებისა და ბნელი მატერიის ნაკლებობის გამო, NGC1052-DF2-ს საკმაოდ დაბალი მასა აქვს.

მისი მასა უბრალოდ ემთხვევა მასში არსებულ ბარიონული, ანუ ჩვეულებრივი მატერიის ოდენობას.


როგორც წესი, ჩვენთვის ცნობილი არც ერთო გალაქტიკის მასა არ ემთხვევა მათში აკუმულირებული ჩვეულებრივი მატერიისას.

„ამ გალაქტიკის აღმოჩენა უბრალოდ მოულოდნელია, რადგან ეს უხილავი, იდუმალი მასალა ნებისმიერი გალაქტიკის ყველაზე დომინანტი ასპექტია“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ ვან დოკუმი.

მისი თქმით, ათწლეულობის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ გალაქტიკები არსებობას იწყებდნენ ბნელი მატერიის გროვების სახით. სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა ყველა სხვა დანარჩენი: გაზი ჩაედინებოდა ბნელი მატერიის ჰალოში, შემდეგ გადაიქცეოდა ვარსკვლავებად, განაპირობებდა კიდევ მრავალ სხვა პროცესს და საბოლოოდ, წარმოიქმნებოდა ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკა. თუმცა, NGC1052-DF2 ეჭვქვეშ აყენებს გალაქტიკათა წარმოქმნის სტანდარტულ მოდელს.

გარდა ამისა, გალაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბნელი მატერიის შესწავლაში. ის ფაქტი, რომ ეს მატერია NCG1052-DF2-ს საერთოდ არ გააჩნია და აქვს მხოლოდ ვარსკვლავები, მეცნიერებს დაეხმარება დაამტკიცონ, რომ სხვა გალაქტიკებში ბნელი მატერია მართლაც არსებობს და ის განსხვავდება ჩვეულებრივი მატერიისგან.

ვან დოკუმმა და მისმა ჯგუფმა ეს გალაქტიკა პირველად Dragonfly-ს ტელესკოპთა წყებით შენიშნა. ეს ინსტრუმენტი მათ ძალიან მკრთალ ობიექტთა გადასაღებად შექმნეს.

ამის შემდეგ, გალაქტიკის უკეთესად შესასწავლად, ჯგუფმა მრავალ სხვა ტელესკოპს მიმართა. დიდი ზომისა და სიმკრთალის გამო, NGC1052-DF2 ულტრადიფუზიურ გალაქტიკად კლასიფიცირდა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს სფეროსებრ გროვათა უჩვეულოდ დიდი პოპულაცია. ეს გახლავთ სფეროს ფორმის გროვები, რომლებიც 100 000-დან 1-მილიონამდე ვარსკვლავს შეიცავს. გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ ისინი გალაქტიკის ბირთვის გარშემო მოსალოდნელზე გაცილებით ნელა მოძრაობდნენ.

რაც უფრო დიდი მასა აქვს გალაქტიკას, მით უფრო სწრაფად მოძრაობენ მასში არსებული ობიექტები. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მკვლევრებმა NGC1052-DF2-ის მასის გამოსათვლელად გამოიყენეს.


ბნელი მატერიის ნაკლებობის გამო, NGC1052-DF2 აბსოლუტურად განსხვავდება ამ დრომდე აღმოჩენილი სხვა ნებისმიერი გალაქტიკისგან.

„წარმოიდგინეთ, აღმოაჩენთ გალაქტიკას და ირკვევა, რომ მას მხოლოდ ვარსკვლავური ჰალო და სფეროსებრი გროვები აქვს, რაც უცებ გაბნევთ, ყველაფერს გავიწყებთ. თეორიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ ტიპის გალაქტიკების არსებობას იწინასწარმეტყველებდა. ეს გალაქტიკა თავიდან ბოლომდე იდუმალების საბურველშია გახვეული. მისი ყველა დეტალი უცნაურია. წარმოდგენაც არ გვაქვს, საერთოდ როგორ, რა გზით წარმოიქმნა ეს ობიექტი“, — ამბობს ვან დოკუმი.

არ არსებობს შესაძლო ახსნაც. NGC1052-DF2 მდებარეობს გალაქტიკათგროვაში, რომელშიც დომინანტია ელიფსური გალაქტიკა NGC 1052. შესაძლოა, სწორედ მან განაპირობა NGC1052-DF2-ის ასეთი უცნაური შემადგენლობა.

კვლევის მიხედვით, შედარებით პატარა გალაქტიკა შეიძლებოდა წარმოქმნილიყო იმ გაზისგან, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი NGC 1052-ისკენ მიემართებოდა, მაგრამ იქ მისვლამდე, გზაში დანაწევრდა.

ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ეს უცნაური გალაქტიკა წარმოიქმნა ორი სხვა გალაქტიკის შეჯახების შედეგად გამოტყორცნილი გაზისგან. ანდაც, რაც ყველაზე შემზარავად ჟღერს, შესაძლოა, რაიმე კატაკლიზმურმა მოვლენამ NGC1052-DF2-ს მთელი გაზი და ბნელი მატერია გამოაცალა.

მიუხედავად ამისა, ამ გალაქტიკის ყველა განსაკუთრებულობის ახსნა არც ერთ თეორიას არ შეუძლია. ამის გამო, მკვლევართა ჯგუფი ტლესკოპ Dragonfly-ს გამოყენებით აქტიურად ეძებს NGC1052-DF2-ის მსგავს სხვა გალაქტიკებს იმის იმედით, რომ შესძლებენ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებას.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია gemini.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით