აღმოჩენილია თუთიყუშის მსგავსი, უკბილო დინოზავრები, რომლებიც 70 მლნ წლის წინ ბინადრობდნენ — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს დინოზავრის ახალი სახეობა, სახელად Oksoko avarsan, რომელსაც თუთიყუშის მსგავსი ნისკარტი და ორი ფუნქციური თითი ჰქონდა წინამხრებზე, ანუ მის უახლოეს ნათევსავებზე ერთით ნაკლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას გამრავალფეროვნებისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი უნდა ჰქონოდა.
ექვსწლიან კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს უკბილო, ბუმბულებით დაფარული დინოზავრი დაახლოებით 72-66 მილიონი წლის წინ, სიგრძეში კი ორ მეტრამდე უნდა ყოფილიყო.
ყველაზე საინტერესო, რასაც ეს სახეობა ოვირაპტორი დინოზავრების ოჯახის ევოლუციის შესახებ გვეუბნება, არის ის, რომ მან ფუნქციური თითი კვების რაციონისა და ცხოვრების სტილის შეცვლის შედეგად დაკარგა.
„Oksoko avarsan-ი საინტერესოა, რადგან ჩონჩხები ძალიან სრულია და ერთად აღმოჩენილი ნამარხები მიუთითებს, რომ ახალგაზრდები ერთობლივად, ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი გრეგორი ფანსტონი.
მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც მისი ორთითიანი ხელი გვაფიქრებინებს, წინა კიდურები ოვირაპტორთა ევოლუციის განმავლობაში შეიცვალა, რის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით. ეს კი ავლენს გარკვეულ მოულოდნელ ტენდენციას, რომელიც საკვანძო ნაწილია იმის გასარკვევად, რატომ იყვნენ ოვირაპტორები ასე მრავალფეროვანი იქამდე, ვიდრე დინოზავრები გადაშენდებოდნენ.
კვლევა მიუთითებს, რომ ამ ქმნილებათა ხელები და მკლავები დრამატულად შეიცვალა მსოფლიოს ახალ ნაწილებში მიგრირებასთნ ერთად, მათ შრის დღევანდელი ჩრდილოეთ ამერიკისა და მონღოლეთის გობის უდაბნოს ტერიტორიებზე შესვლისას (სწორედ გობის უდაბნოში აღმოაჩინეს ნამარხები).
განსხვავებულ ჰაბიტატთან და საკვებთან შეგუების უნარი, რაც სამი თითიდან მხოლოდ ორი ფუნქციურის დარჩენაში გამოიხატება, გვეხმარება აიხსნას, რატომ იყო ყველაფრისმჭამე დინოზავრთა ეს ოჯახი ასე მრავალფეროვანი იქამდე, ვიდრე გადაშენდებოდნენ.
ჩონჩხების დეტალური ანალიზისას ჯგუფმა გამოავლინა ახალი სახეობა O. avarsan-ი. აღმოჩენა დამტკიცდა მესამე თითის ძვლის პატარა კვანძის არსებობით იმ ადგილას, სადაც თითი უნდა ყოფილიყო.
თითის ასე თანდათანობით დაკარგვის პროცესი მილიონობით წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო და როგორც მკვლევრები ფიქრობენ, ეს უდაბნოში ცხოვრებასთან შეგუებას უნდა გამოეწვია.
გვიანდელ ცარცულ პერიოდში მსოფლიოს ამ ნაწილში გავრცელებულ ოვრიპატორთა შესახებ ჯერ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით; მათ შორის უცნობია, რა ფერის იყო მათი კვერცხები ან როგორ ბუდეებს აგებდნენ. თუმცა, ეს ახალი კვლევა ნამდვილად საინტერესო ცნობებს გვაწვდის მათი ევოლუციისა და დივერსიფიკაციის შესახებ.
„ოვირაპტორები ეკოსისტემის მცირე, მაგრამ გამორჩეულად მრავალფეროვანი ნაწილი იყო; როგორც ჩანს, მათ გვიანდელი ცარცული პერიოდის აზიის ეკოსისტემებში დივერსიფიცირებისა და თანაარსებობის უნიკალური უნარი ჰქონდათ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.