ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჰომეროსის „ოდისეას“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. ეს ეპიკური პოემა ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად ითვლება.
უძველესი ქვის ფირფიტა სავარაუდოდ ახ. წ. III საუკუნეს ეკუთვნის და შეიცავს პოემის 13 სტროფს და აღწერს, როგორ ბრუნდება გმირი ულისე ოცწლიანი მოგზაურობის შემდეგ თავის მშობლიურ კუნძულ ითაკაზე.
თიხის ფირფიტა გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა სამწლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში აღმოაჩინეს.
თარიღის დადასტურების შემთხვევაში, ქვაზე ამოტვიფრული წარწერები ეპიკური პოემის უძველესი ჩანაწერი გახდება საბერძნეთში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. რაც შეეხება ზოგადად უძველეს ვერსიას, ის აღმოჩენილია ეგვიპტეში, პერგამნეტებზე ამოტვიფრული ტექსტის სახით და მიეკუთვნება ძვ. წ. მესამე საუკუნეს.
ზოგადი კონსენსუსის მიხედვით, ჰომეროსმა „ოდისეა“ ძვ. წ. მერვე საუკუნეში შექმნა. ნაწარმოები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა.
არახაზოვანი ნარატივისა და პერსონაჟთა მრავალფეროვნების გამო, ნაწარმოებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა დასავლურ ლიტერატურაზე.
პოემის პირველი ნაბეჭდი ვერსია მე-15 საუკუნის ბოლოს შექმნეს, ძველბერძნულ ენაზე. ინგლისური თარგმანი 1616 წელს გამოჩნდა.
მას შემდეგ, „ოდისეამ“ გავლენა მოახდინა უთვალავ სხვა ნაწარმოებზე, დაწყებული ძმები კოენების ფილმით „ო, ძმაო, სად ხარ?“, დამთავრებული ჯეიმს ჯოისის რომანით „ულისე“, რომელშიც პოემის მოვლენები მე-20 საუკუნის ერთ დღეში, დუბლინში ვითარდება.
რა სიტყვას ვიყენებთ გრძელი და დამქანცველი მოგზაურობის აღსანიშნავად? „ოდისეა“. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სიტყვა მრავალ ენაში სწორედ ამ უძველესი პოემიდან დამკვიდრდა.
ალბათ მალე გაირკვევა, რომელ საუკუნეს ეკუთვნის ქვის ფირფიტა და არის თუ არა ის ჰომეროსის პოემის ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი, მაგრამ მომაჯადოებელი თავად ფაქტია — როგორ უძლებს საუკუნეებსა და ათასწლეულებს უძველესი ტექსტები.
უძველესი ლიტერატურის კვლევას სრულიად ახალი გზა გაუხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. წლის დასაწყისში, კალიფორნიელმა მეცნიერებმა მაღალენერგიული რენტგენული გამოსხივების გამოყენებით შეძლეს მე-11 საუკუნის ხელნაწერის წაკითხვა, რომელიც სხვა ტექსტის ქვეშ იმალებოდა.
ასევე აღსანიშნავია ე. წ. ვოინიჩის ხელნაწერი — იდუმალ, გაურკვეველ ენაზე შესრულებული ჩანაწერები, რომელთა გაშიფვრას ვერავინ ახერხებდა. მისი საიდუმლოს ამოხსნა ცოტა ხნის წინ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.