აღმოჩენილია ქარვაში განმარხებული 99 მილიონი წლის წინანდელი ციცინათელა — #1tvმეცნიერება
ზაფხულის ბინდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა ციცინათელების მბჟუტავი ნათება მწუხრის სიბნელეში.
ეს მოციმციმე მწერები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მანათობელი (ბიოლუმინესცენციური) ხეშეშფრთიანები არიან; ცნობილია მათი დაახლოებით 2500 სახეობა. მათ მანათობელ მუცელს რამდენიმე დანიშნულება აქვს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცით, როგორ გამოუმუშავდათ ეს თვისება.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრის, პალეონტოლოგ ჩენიანგ კაის ჯგუფის განცხადებით, ამ კითხვაზე გარკვეული პასუხები შეიძლება მოგვცენ ქარვაში განმარხებულმა მილიონობით წლის წინანდელმა ციცინათელებმა.
99 მილიონი წლის წინ, სახეობა Flammarionella hehaikuni წყვდიადში უკვე ანათებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის წინაპრებს ჯერ კიდევ მეზოზოურ ხანაში ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული მანათობელი მუცელი.
მიანმარში აღმოჩენილ ქარვის ნამტვრევში ასეთი მეზოზოური ციცინათელა უკვე მეორედ აღმოაჩინეს. პირველი მათგანი არის Protoluciola albertalleni და მასაც ბრწყინვალედ აქვს შემონახული მანათობელი ორგანოები. ქარვის ამავე ნატეხში ასევე აღმოაჩინეს სხვა ოჯახის წარმომადგენელი კიდევ ერთი მანათობელი ხოჭო.
ახალი აღმოჩენა იმითაა ასე ამაღელვებელი, რომ ეგზემპლარის ფარანი (მანათობელი ორგანო) განსხვავდება ქარვაში განმარხებული სხვა ხოჭოების ასეთი ორგანოებისგან; აჩვენებს, რომ 99 მილიონი წლის წინ, მწერის ბიოლუმინესცენცია (ნათება) უკვე კარგად ჩამოყალიბებული და მრავალფეროვანი იყო.
როგორც ჩანს, ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ორ მთავარ ფუნქციას ემსახურება — სხვა ციცინათელათა მოზიდვას შესაწყვილებლად და მტაცებელთა გაფრთხილება ლუციბუფაგინი ტოქსინების შესახებ, რომლებმაც მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მეცნიერები ბოლო პერიოდში ირწმუნებიან, რომ ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ლუციბუფაგინებამდე ჩამოყალიბდა. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს მწერების ბიოლუმინესცენციის ადრეულ სარგებელთა შესახებ.
კაიმ და მისმა კოლეგებმა ქარვაში განმარხებული ციცინათელა ჩრდილოეთ მიანმარში აღმოაჩინეს, იმავე რეგიონში, სადაც მეზოზოური პერიოდის სხვა მანათობელი მწერების ნამარხებია აღმოჩენილი.
თავად ქარვა გამორჩეულად სუფთაა და მასში ჩაჭედილი მწერი საოცარ დეტალებში მოჩანს. მის ფიზიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ეს ეგზემპლარი მდედრია და ლუციოლინებს ეკუთვნის — ციცინათელების ერთ-ერთ უდიდეს ქვეოჯახს, რომელთა წევრებსაც მუცელში მანათობელი მონაკვეთები აქვთ.
თუმცა, არის გარკვეული სხვაობები. Flammarionella-ს (სახელი უწოდეს ფრანგი ასტრონომის, კამილ ფლამარიონის პატივსაცემად) საცეცები მკვრივადაა დაფარული ბეწვის მსგავსი ჯაგრით და მრავალ სეგმენტში აქვს ღრმა, ოვალური ჩაღრმავებები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი ამჟამინდელ ციცინათელებში არ გვხვდება, მსგავსი მახასიათებლები შეიძლება ვნახოთ სხვა ხოჭოებში. ჩაღრმავებების ზომის მაქსიმუმამდე გაზრდა დაკავშირებულია მწერის ყნოსვის შეგრძნებასთან და ხელს უწყობს სქესის ფერომონების ამოცნობას. მამრებს ხშირად იმავე სახეობის მდედრებზე უფრო არეული საცეცები აქვთ და შესაბამისად, მამრი Flammarionella-ს აღმოჩენა მეცნიერებს ამ მახასიათებლის უკეთესად ამოცნობაში დაეხმარებოდა.
ასევე უტყუარია განმარხებული ნიმუშის „ფარანი“, რომელიც მწერის მიცლის დაბოლოებაზეა განთავსებული და ორი სეგმენტისგან შედგება. სამომავლო კვლევის საგანი შეიძლება იყოს შედარებები მეზოზოური ეპოქის სხვა ბიოლუმინესცენციურ სახეობებთან.
ამასობაში კი გრძელდება ციცინათელებისა და მათი ნათესავი მწერების სხვა ნამარხების ძებნა.
„მომავალში, თუკი მეტ ნამარხს აღმოვაჩენთ, გაფართოვდება ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ნათება (ბიოლუმინესცენცია) ამ მომაჯადოებელ მწერებში მეზოზოურ ეპოქაში“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.