აღმოჩენილია „მაიმუნისთითა“ მფრინავი ხვლიკის ნამარხი, რომელსაც ხელებზე ცერა თითები აქვს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია „მაიმუნისთითა“ მფრინავი ხვლიკის ნამარხი, რომელსაც ხელებზე ცერა თითები აქვს — #1tvმეცნიერება

უძველეს ტყეებში ერთი პატარა, მფრინავი რეპტილია დაძვრებოდა და ხეებს მატლებისგან ასუფთავებდა. გინკოს ხეებზე მოზრდილ მწერებს ეძებდა, იტაცებდა და ნისკარტში უძახებდა. ხშირად მწერები ფრინდებოდნენ, რეპტილიაც მისდევდა, ბასრი ბრჭყალებით ტოტებზე დახტოდა და ბოლოს, მწერს მაინც იჭერდა; საოცარი კი ის არის, რომ მწერებს ის ცერა თითებით იჭერდა.

თუმცა, ის არ გახლდათ ტიპური პტეროზავრი — სახელგანთქმული მფრინავი ხვლიკები, რომლებიც მეზოზოურ ხანაში ბინადრობდნენ, 252-66 მილიონი წლის წინ.

ახალი კვლევის მიხედვით, ახლად აღწერილი იურული პტეროზავრი, როგორც ჩანს, სიცოცხლეს ხეებს შორის ხეტიალში ატარებდა, ნადირობდა და ცოცავდა თავისი ორი ცერა თითის დახმარებით. თითოეულ სამთითიან ხელზე თითო ცერა თითი ჰქონდა.

ამ მფრინავ არსებას მეცნიერებმა Kunpengopterus antipollicatus-ი (ბერძნულად ცერათითა) უწოდეს, მაგრამ შეგიძლიათ, უბრალოდ „მაიმუნისთითაც“ დაუძახოთ.

„საინტერესო აღმოჩენაა, რადგან გვაწვდის ნამდვილი ცერა თითის არსებობის ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას, თანაც პტეროზავრებში, რომლებსაც როგორც ვიცით, ცერა თითები არ ჰქონდათ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი ფიონ ვაისუმ მა.

როგორც კვლევის ავტორები წერენ, „მაიმუნისთითა“ მართლაც ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პტეროზავრია ცერა თითებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს რეპტილიები იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი და სპეციალიზებულები იყვნენ, ვიდრე გვეგონა.

K. antipollicatus-ის ნამარხი მეცნიერებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ე. წ. ტიაოჯიშანის ფორმაციის ერთ-ერთ კლდეში აღმოაჩინეს.

მკვლევართა განცხადებით, ეს წარმონაქმნები გვიანდელი იურული პერიოდისაა (დინოიზავრების ხანის შუა პერიოდი, გრძელდებოდა 200-145 მლნ წლების წინანდელ შუალედში), როდესაც ეს ზონა დაფარული იყო წიწვოვანი და გინკოს ხეების გაუვალი ტყეებით. ამ ფორმაციაში უკვე აღმოჩენილია მცენარისა და ცხოველის ასზე მეტი ნამარხი, მათ შორის არის პტეროზავრები და პატარა, ჩიტის მსგავსი დინოზავრები.

ამ ზონაში ნაპოვნი სხვა მრავალი ნამარხის მსგავსად, მაიმუნისთითას ნაშთებიც საოცრად კარგად იყო შემონახული. ნამარხები ასევე მოუცავდა რამდენიმე კვერცხს და თითქმის სრულყოფილ ჩონჩხს, რომელსაც თითოეულ მკლავზე აშკარად აღენიშნებოდა ცერა თითები.

არსება შედარებით პატარა ყოფილა, გაშლილი ფრთებით მხოლოდ 90 სმ სიგანის; სავარაუდოდ, ბინადრობდა ხეებს შორის.

ქანებში დასანახად, კომპიუტერული მიკრო-სკანირების გამოყენებით (რენტგენული ვიზუალიზაციის ტიპი), მკვლევრებმა შეისწავლეს მაიმუნისთითას წინა კიდურების სრული ფორმა და მუსკულატურა.

ჯგუფმა დაასკვნა, რომ პატარა რეპტილია თავის ცერათითიან კიდურებს მსხვერპლზე და ხის ტოტებზე მოჭიდებისთვის იყენებდა; გარდა ამისა, სხვა ასეთ პტეროზავრებში ხეებზე ბინადრობის სტილი ნაკლებად შეიმჩნევა.

დასკვნის სახით, მკვლევართა ჯგუფი წერს, რომ ამ „მაიმუნისთითას“ უნიკალური ხელები მოულოდნელ და ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის პტეროზავრების ევოლუციური ისტორიის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.