აღმოჩენილია ლავის ოკეანით დაფარული პლანეტა, რომელიც ძლიერ ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ლავის ოკეანით დაფარული პლანეტა, რომელიც ძლიერ ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 73 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილი ეგზოპლანეტა არაჩვეულებრივ შანსს გვაძლევს, რათა თვალი შევავლოთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ახალშობილი დედამიწა, თუკი მზესთან ისიც ასე ახლო ორბიტაზე მოძრაობდა.

ამ ახლად დაბადებულ პლანეტას HD 63433 d უწოდეს და დედამიწაზე ოდნავ დიდია, გარს უვლის მზის მსგავს ვარსკვლავს. წარმოადგენს ჩვენ მიერ 500 მილიონზე ნაკლები ასაკის პლანეტათა შორის ყველაზე პატარას, რომელიც იშვიათ ფანჯარას გვთავაზობს დედამიწის მსგავს, მაგრამ არა ბოლომდე მისნაირი პლანეტების ფორმაციაში.

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს. დედამიწის მსგავს პლანეტათა წარმოქმნისა და განვითარების განსხვავებული გზების შესწავლა, განსაკუთრებით კი მზის მსგავს ვარსკვლავებთან, მეცნიერებს იმ ინგრედიენტთა გარკვევაში ეხმარება, რომლებმაც სიცოცხლეს აღმოცენების საშუალება შეიძლება მისცეს სამყაროში სადმე.

HD 63433 დედამიწას თან ძალიან ჰგავს და თან ძლიერ განსხვავდება, რის გამოც, შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. დედამიწისგან ის საკმაოდ ამაღელვებელი, ექსტრემალური მახასიათებლებით განსხვავდება.

„გამოსადეგი პლანეტაა, რადგან შეიძლება ადრეულ დედამიწას ჰგავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავთან ძალიან ახლო ორბიტაზე მოძრაობს, შეგვიძლია მივყვეთ მონაცემებს, რათა ვიპოვოთ აირების გადინებისა და ატმოსფერული დანაკარგების მტკიცებულება, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კლდოვან პლანეტათა ჩამოყალიბების შესახებ წარმოდგენის შექმნაში. თუმცა, მსგავსებები სწორედ აქ მთავრდება და თანაც, დრამატულად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მელინდა სოარეს-ფურტადო, რომელიც კვლევას ფლორიდის უნივერსიტეტის ასტრონომ ბენჟამინ კაპოსტრანტთან ერთად ავტორობს.

ეგზოპლანეტა NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის, TESS-ის გამოყენებით აღმოაჩინეს. ეს ტელესკოპი ვარსკვლავებს აკვირდება და მათ სინათლეში მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებს, რაც მათ გარშემო ეგზოპლანეტების მოძრაობის ნიშანია. ვარსკვლავის სინათლეზე ეგზოპლანეტის სხვადასხვა ეფექტების გაზომვის შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ გამოთვალონ პლანეტის ზომა და მასა.

HD 63433 ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც ზომით, მასითა და ტემპერატურით ძლიერ ჰგავს ჩვენს მზეს. თუმცა, ის გაცილებით ახალგაზრდაა, სულ რაღაც 400 მილიონი წლის, მაშინ, როცა ჩვენი მზის ასაკი 4,5 მილიარდი წელია. ვარსკვლავური თვალსაზრისით, HD 63433 ჯერ ჩვილია; ასეთია მის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტებიც. სხვათა შორის, იქ უკვე სამი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი — HD 63433 d და ორი მინინეპტუნი, რომლებიც 2020 წელს იპოვეს.

ტრანზიტული მონაცემები, ანუ ორბიტაზე მოძრავი ობიექტით გამოწვეული ჩაბნელებები — აჩვენებს, რომ HD 63433-ს დედამიწაზე 1,1-ჯერ დიდი რადიუსი აქვს. მისი მასა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ასეთი ფიზიკური ზომა ძლიერ მიუთითებს კლდოვან შემადგენლობაზე, რომ ის დედამიწის, მარსისა და ვენერას მსგავსად კლდოვანი პლანეტა უნდა იყოს.

ეგზოპლანეტა ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობს, ყოველ 4,2 დღეში ერთხელ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის და თავის ვარსკვლავი ერთმანეთთან ძლიერ ახლოს არიან, იმდენად ახლოს, რომ HD 63433 d სავარაუდოდ მოქცევით (გრავიტაციულად) ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით. ვინაიდან ერთი მხარე მუდმივად უნდა იღებდეს ვარსკვლავის სითბოს, მის ზედაპირზე გამდნარი ქანების ზღვა უნდა იდგეს და იქ ტემპერატურა 1297 გრადუს ცელსიუსს აღწევდეს.

სავარაუდოდ, იქ ლავის უზარმაზარი ოკეანეა.

რა თქმა უნდა, დედამიწა არასოდეს ყოფილა მზესთან ასე ახლოს, მაგრამ ერთ დროს, მისი ტემპერატურა შეიძლება 2000 გრადუსამდე გაზრდილიყო, მარსის ზომის პლანეტასთან შეჯახების შემდეგ, რის შედეგადაც მთვარე წარმოიქმნა.

HD 63433 d-ის შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით; ჯგუფს იმედი აქვს, რომ შემდეგ კვლევებში მის შესახებ უფრო მეტს გაარკვევენ, მათ შორის, მასას. ამის საფუძველზე კი მეცნიერები გამოთვლიან სიმკვრივეს, რაც გვეტყვის, რისგან შედგება ეგზოპლანეტა. შეიძლება მისი ატმოსფეროს შემადგენლობის განსაზღვრაც კი შეძლონ.

HD 63433 d დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ეგზოპლანეტაა, რომელსაც აქვს მისი მსგავსი რადიუსი და ახალგაზრდა ვარსკვლავთან მოძრაობს. ამ პლანეტამ ნამდვილად ბევრი რამ შეიძლება გვასწავლოს.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.wisc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.