აღმოჩენილია კრატერი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეტეორიტის დაცემის შედეგად გაჩნდა
დაახლოებით 800 000 წლის წინ, დედამიწას მოზრდილი კოსმოსური ნამსხვრევი დაეცა. 1,9 კმ სიგანის მეტეორიტის დაცემის შედეგად, ნარჩენები პლანეტის ზედაპირის 10 პროცენტზე მიმოიფანტა.
ეს უძველესი ნარჩენები მეცნიერებმა იპოვეს აზიაში, ავსტრალიასა და ანტარქტიდაზე, ძირითადად ტექტიტების სახელით ცნობილი მინის ბურთულების სახით. თუმცა, ვერაფრით პოულობდნენ თავად იმ ადგილს, სადაც მეტეორიტი დაეცა.
წარუმატებელი ძებნა თითქმის საუკუნე გრძელდებოდა.
ახალ კვლევაში მეცნიერები აღწერენ ადგილს, სადაც მათი აზრით, ეს მასიური კლდე ჩამოვარდა — ეს გახლავთ ვულკანური ველი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლაოსში.
კვლევის ავტორის, კერი სიეჰის განცხადებით, იყო დაცემის ადგილის ძებნის არაერთი მცდელობა თუ ვარაუდი. ეძებდნენ ჩრდილოეთ კამბოჯიდან ცენტრალურ ლაოსამდე, სამხრეთ ჩინეთიდან აღმოსავლეთ ტაილანდამდე, ვიეტნამის სანაპირომდე.
სიეჰის ჯგუფის კვლევა გვთავაზობს ძლიერ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, კრატერი მიწისქვეშაა ჩამარხული, რაც ცხადყოფს, თუ რატომ ვერ პოულობდნენ მას ამდენ ხანს.
როდესაც მეტეორიტი ვარდება, დაცემის ადგილას წარმოუდგენლად ცხელდება ქანები, რომლებიც შემდეგ ცაში იფრქვევა. ეს გამდნარი ქანები შემდეგ მინის ბურთულებად (ტექტიტები) ცივდება. მათი ჩამოცვენის ადგილების მიხედვით, მეცნიერებს მეტეორიტის დაცემის ადგილის პოვნაც შეუძლიათ.
ამ დარტყმის შემთხვევაში, ტექტიტები მეცნიერებს ეუბნებოდა, რომ მასიური მეტეორიტი დედამიწას დაახლოებით 800 000 წლის წინ დაეცა, სადღაც იმ სამ კონტინენტს შორის, სადაც მათ მინის ბურთულები იპოვეს.
ყველაზე მეტი ტექტიტი ინდოჩინეთში აღმოაჩინეს — ნახევარკუნძულზე, რომელიც მოიცავს კამბოჯას, ლაოსსა და ვიეტნამს. შესაბამისად, ეს გახლდათ ყველაზე ლოგიკური ადგილი კრატერის საძებნელად.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ასე დიდ მეტეორიტს დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით 1,6 კმ სიგანისა და 91 მ სიღრმის კრატერი უნდა დაეტოვებინა. ამ ზომის თხრილი კი მარტივად ვერ გაქრებოდა.
თუმცა, შესაძლებელია, რომ დარტყმითი კრატერები ტექტონიკური ფილების მოძრაობისას ჩაიმარხოს ან ეროზიამ შეჭამოს.
კრატერის ძებნისას, სიეჰმა პირველ რიგში შეისწავლა სამი უძველესი დარტყმითი ადგილი კამბოჯაში, ცენტრალურ ლაოსსა და სამხრეთ ჩინეთში. თუმცა, თითოეული ეს კრატერი ათობით მილიონი წლით უფრო ძველი იყო, ვიდრე იმ დარტყმის ადგილი, რომელსაც ისინი ეძებდნენ.
ამის შემდეგ, სამხრეთ ლაოსში, ბოლავენის პლატოს რეგიონში მკვლევრებმა იპოვეს ლავის ნაკადები, რომელიც კარგად ემთხვეოდა ასაკს — ისინი დაახლოებით 51 000 – 780 000 წლის წინანდელი იყო.
6000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ამ პლატოზე ამოფრქვევებმა 300 მ სისქის ლავის შრეები წარმოქმნა — საკმაოდ დიდი ვულკანური ველი იმისათვის, რათა ის მეტეორიტულ კრატერს მალავდეს.
ამ დასკვნამდე სიეჰის ჯგუფი მას შემდეგ მივიდა, რაც ვულკანური ველის ქანების ქიმიური შემადგენლობა ტექტიტებისას (მინის ბუთულები) შეადარა. ისინი ერთმანეთს დაემთხვა.
ამის შემდეგ, ბოლავენის პლატოს გარშემო გაზომეს გრავიტაციული ველები. შედეგად, მკვლევრებმა იპოვეს უცნაური გრავიტაციის მქონე 90 მეტრი სისქის მიწისქვეშა, ელიფსური ზონა, რომელიც სიგრძეში 18 კილომეტრია, სიგანეში კი 13 კმ.
იმის გამო, რომ კრატერები მიმდებარე ქანებთან შედარებით ნაკლებად მკვრივი ქანებით არის ამოვსებული, მათ ოდნავ სუსტი გრავიტაციული მიზიდულობა აქვს. ლაოსური ვულკანური ველის გრავიტაციის სიგნალები მიწისქვეშა კრატერის არსებობაზე მიუთითებდა.
გარდა ამისა, პოტენციური დარტყმითი კრატერის თავზე ლავის ასაკი 800 000 წელიწადზე ნაკლები იყო.
საბოლოო მტკიცებულებას კი ვულკანური ველის მწვერვალიდან 19 კილომეტრში მიაგნეს — ქვიშაქვის ნაგლეჯს, რომლებიც ნარჩენების მიერ არის გაცვეთილი.
მოშიშვლებული ქვიშაქვა შეიცავდა დამსხვრეული კვარცის მარცვლებს, რომლებიც გეოლოგთა აზრით, მეტეორიტის დარტყმის შედეგად არის ამოტყორცნილი.
მკვლევართა განცხადებით, ახალი კვლევა ცალსახად არ ამტკიცებს, რომ ეს დარტყმითი კრატერი ლაოსშია ჩამარხული, მაგრამ არის ბევრი დამთხვევა და ეს ადგილი შემდგომი კვლევებისთვის ნამდვილად ღირს.
ამჯერად, მეცნიერებს ესაჭიროებათ ლავის ფენების ღრმად გაბურღვა, დაახლოებით რამდენიმე ასეულ მეტრ სიღრმეში, რათა საბოლოოდ ამოხსნან დიდი ხნის გეოლოგიური საიდუმლო.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.