აღმოჩენილია იდუმალი ვარსკვლავი, რომლის უცნაურ ჩაბნელებათა მიზეზს ასტრონომები ვერ ხსნიან
ასტრონომებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც დროდადრო უცნაურად ბნელდება და ჩვენთვის ცნობილი ყველა ასეთი ვარსკვლავისგან განსხვავდება.
მდებარეობს ჩვენგან 330 სინათლის წლის მანძილზე, არის ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი და მისი ოფიციალური სახელია EPIC 249706694. მის სიკაშკაშეში ასტრონომებმა 28 ჩაბნელება შენიშნეს. სინათლის ჩაბნელებები თითქმის ერთნაირია, მაგრამ მათ შორის დროის მონაკვეთები აბსოლუტურად შემთხვევითია.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა ყველა შესაძლო სცენარი მოსინჯეს, მაგრამ ამაოდ.
EPIC 249706694-ის შესახებ მონაცემები კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეაგროვა. ეს ხელსაწყო შორეულ ვარსკვლავთა სინათლეში ჩაბნელებებს აკვირდებოდა, რაც როგორც წესი, მის წინ პლანეტის ჩავლით არის განპირობებული (ტრანზიტის მეთოდი).
ცაზე დაკვირვებისას, ტელესკოპი მხედველობის არეალში მოქცეულ ვარსკვლავთა სიკაშკაშის დონეს ზომავდა. რომელიმე ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელება მიუთითებდა ამ ვარსკვლავსა და ჩვენ შორის ეგზოპლანეტის გავლაზე.
თუმცა, მხოლოდ ჩაბნელება საკმარისი არ არის. მხედველობაში ასევე მისაღებია პერიოდულობა, რაც ნიშნავს ერთი და იგივე დონის რამდენიმე ჩაბნელებას დროის თანაბარი ინტერვალებით. პერიოდულობა მიუთითებს, რომ პოტენციური პლანეტა რეგულარულ ორბიტაზე მოძრაობს.
უცნაურ ჩაბნელებათა მქონე ვარსკვლავები ასტრონომებს აქამდეც აქვთ აღმოჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელგანთქმული, ე. წ. უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავი, სახელად KIC 8462852, რომელსაც ტაბის ვარსკვლავსაც უწოდებენ. მას არც რეგულარული სიკაშკაშე აქვს და არც პერიოდულობა, მაგრამ დაკვირვებათა შედეგად შესაძლებელი გახდა რამდენიმე შესაძლო ახსნის გამოძებნა; მათ შორის არის კომეტების გროვა და გაზის გიგანტური ღრუბელი.
აღსანიშნავია, რომ EPIC 204376071-ის სინათლის გამრუდება, რაც სიკაშკაშის რადიკალურ ჩაბნელებებს აჩვენებს, კარგად ეთავსება ტრანზიტების სხვა დაკვირვებებს, მაგრამ აუხსნელი რჩება ჩაბლელების წარმოუდგენლად დიდი სიღრმე.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი ამ ვარსკვლავს 87 დღის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ დროის განმავლობაში მან 28 ჩაბნელება ჩაიწერა, რომელთაგან ორს ერთნაირი სიღრმე ჰქონდა.
როგორც კვლევაში წერია, ამ ჩაბნელებათა უჩვეულო ასპექტი არაპერიოდულობაა. მკვლევართა გათვლებით, ობიექტი, რომელიც სისტემის ერთი ვარსკვლავის სინათლეს ბლოკავს, დედამიწაზე ორჯერ დიდი უნდა იყოს, მეორე ვარსკვლავის ჩამაბნელებელი კი იუპიტერზე ორჯერ დიდი (EPIC 249706694 ბინარული ვარსკვლავია).
სისტემაში ასეთი განსხვავებული პლანეტების არსებობა იშვიათია. პრობლემა კვლავ პერიოდულობაში რჩება, რადგან ის დაშლილ პლანეტებსა და მტვრის ღრუბელსაც კი ახასიათებს.
ასტრონომები ასევე იკვლევდნენ მტვრის გამომყოფი ასტეროიდების არსებობის შესაძლებლობას. მათ დროის შემთხვევითი ინტერვალების წარმოქმნა შეუძლიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიკაშკაშის ერთნაირ ჩაბნელებათა წარმოსაქმნელად საჭიროა წარმოუდგენელი დამთხვევითობა.
ორივე ვარსკვლავის გარშემო მოძრავმა პლანეტამ შეიძლება პერიოდულობა შეამციროს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მოძრაობენ თავად ვარსკვლავებიც, ტრანზიტი ორბიტაზე მოძრავმა ყველა პლანეტამ ვერ უნდა წარმოქმნას. გულმოდგინე კომპიუტერული სიმულაციების შექმნის შემდეგ, მკვლევრებმა ხუთზე მეტი ჩაბნელება მაინც ვერ მიიღეს.
ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩაბნელებას ვარსკვლავის გარშემო მოძრავი აკრეციული დისკო წარმოქმნიდეს; სისტემა ვარსკვლავი ასეთი ობიექტის ქონისთვის საკმაოდ ბებერია; გარდა ამისა, ჩაბნელებები უფრო პლანეტის მიერ წარმოქმნილს ჰგავს, ვიდრე მტვრისას.
თუმცა, ჯგუფის განცხადებით, წარუმატებლობა განიცადა ტრანზიტის ყველა სცენარმა.
შესაძლებელია, რომ თავად ვარსკვლავს ჰქონდეს რაღაც ისეთი მახასიათებელი, რომელიც ჩაბნელებას იწვევს, მაგალითად, მოკლეპერიოდიანი ვარსკვლავური ლაქები. ეს სცენარი უფრო ზუსტ დაკვირვებებს მოითხოვს.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.