აღმოჩენილია გიგანტური პლანეტა, რომლის ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია გიგანტური პლანეტა, რომლის ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 70 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი პლანეტა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია აქამდე აღმოჩენილთა შორის.

მისი მასა იუპიტერისას 20-ჯერ აჭარბებს და აქვს ისეთი ტემპერატურა, რომელიც სწრაფად გაადნობს ალუმინს; გარს უვლის არა ერთ, არამედ ორ ვარსკვლავს და ამ საქმეს 10 000 წელიწადს ანდომებს. და კიდევ, მასზე გამუდმებით მძვინვარებს ქვიშის სასტიკი ქარიშხალი.

პლანეტური მასის ამ ობიექტს, სახელად VHS 1256 b-ს, ასტრონომები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ მის ატმოსფეროში სილიკატური მარცვლების ღრუბლები ცირკულირებს.

ამას გარდა, VHS 1256 b-ის ატმოსფეროში მკვლევრებმა კიდევ მრავალი სხვა კომპონენტი გამოავლინეს. მათ შორის არის მეთანი, ნახშრიჟანგი, წყალი და ნახშირორჟანგი.

„ერთ სამიზნეზე ერთდროულად ამდენი სხვადასხვა მახასიათებელი ჯერ არცერთ სხვა ტელესკოპს არ დაუფიქსირებია. ჯეიმს ვების მიერ აღებულ ერთ სპექტრში მრავალ მოლეკულას ვხედავთ, რომლებიც დეტალურ ცნობებს გვაწვდიან პლანეტის დინამიკური ღრუბლებისა და ამინდის სისტემების შესახებ“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი პოლ მოლიერი.

VHS 1256 b გარკვეულწილად იდუმალია. მისი მასა გიგანტური პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯების ზღვარზეა; ყავისფერ ჯუჯებს არშემდგარ ვარსკვლავებს უწოდებენ, რომლებსაც წყალბადის სინთეზის დასაწყებად საკმარისი მასა არ აქვთ და მის ნაცვლად, ბირთვში ასინთეზირებენ წყალბადის უფრო მძიმე იზოტოპს, დეიტერიუმს, რომლის სინთეზს უფრო ნაკლები ტემპერატურა და წნევა სჭირდება, ვიდრე წყალბადისას.

მიჩნეულია, რომ ობიექტთა ეს ორი ტიპი სხვადასხვანაირად წარმოიქმნება. ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავთა მსგავსად იბადებიან — გაზისა და მტვრის ღრუბელში მატერიის კვანძების კოლაფსით, რის შემდეგაც მიმდებარე ღრუბლიდან უფრო მეტ მატერიას ისრუტავენ და იზრდებიან. დეიტერიუმის სინთეზი ვარსკვლავის ზრდაში შუალედური ეტაპია, მაგრამ ზოგიერთი ვარსკვლავები — ყავისფერი ჯუჯები — ამ წერტილზე ზრდას წყვეტენ და რჩებიან ისეთებად, როგორებიც მაშინ არიან.

მეორე მხრივ, პლანეტები „ქვემოდან ზემოთ“ იბადებიან, ვარსკვლავის დაბადების შემდეგ დარჩენილი მატერიისგან, რომელიც ჯგუფდება და ბოლოს, პლანეტის სახეს იღებს. ძირითადად, ეს მატერია ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს არის. პლანეტა VHS 1256 თავისი ორი ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ შორი მანძილიდან მოძრაობს, რომ ის ღრუბლის კოლაფსის შედეგად გაჩნდა, მაგრამ ეს ამბავი ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

თეორიულად, პლანეტების წარმოქმნა შესაძლებელია ღრუბლის კოლაფსის მოდელითაც; ამ გზით დაბადებული ობიექტის მინიმალური მასა არის იუპიტერის მასა. შესაბამისად, გამყოფი ხაზი პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯას შორის, არის დეიტერიუმის წვის ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ VHS 1256 b-ის ზუსტი ბუნება უცნობია.

თუმცა, ასეთი საოცარი დაკვირვებები შესაძლებელი გახადა ვარსკვლავების გარშემო შორი მანძილიდან მოძრაობამ.

„VHS 1256 b თავის ვარსკვლავებისგან დაახლოებით ოთხჯერ უფრო შორს არის, ვიდრე პლუტონი მზისგან, რის გამოც, ის ჯეიმს ვებისთვის ბრწყინვალე სამიზნეა. ამის გამო, პლანეტის სინათლე თავის ვარსკვლავებისას არ ერევა“, — ამბობს არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომი ბრიტნი მაილსი.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაკვირვებებს ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში აწარმოებს, რომელშიც შედის თერმული რადიაცია. VHS 1256 b კი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 150 მილიონი წლის და ფორმირების პროცესიდან ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. მის ატმოსფეროში, სადაც ქვიშის ღრუბლები ტრიალებს, ტემპერატურა 830 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

სწორედ ამ სიცხისა და დაბალი გრავიტაციის გამოა მისი ცა ტურბულენტური. ჯეიმს ვების მიერ შეგროვებულ სინათლეში მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს სხვადასხვა ელემენტის მიერ კონკრეტული ტალღის სიგრძეების შთანთქმის შედეგად წარმოქმნილი მახასიათებლები.

სწორედ ასე გამოავლინეს ობიექტის ატმოსფეროში სხვადასხვა აირი და ქვიშის ღრუბლები, რომლებიც მუდმივად ცვალებადია და სავარაუდოდ, შედგება მინერალ ენსტატიტის, ფორსტერიტისა და კვარცისგან.

მონაცემები იმდენად დეტალური იყო, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ზომის მარცვლების გარჩევაც კი შეძლეს, წვრილი, ნაწილაკების ზომიდან დაწყებული, მსხვილი, ქვიშის მარცვლების ზომით დამთავრებული. მკვლევართა ვარაუდით, ეს დიდი მარცვლები ზედმეტად მძიმეა, რათა ზედა ატმოსფეროში დარჩეს და წიაღისკენ წვიმასავით უნდა ჩადიოდეს, პატარები კი პირიქით, მაღლა ადიოდნენ.

შედეგად, პლანეტის 22-საათიან დღეს ახასიათებს სინათლის დრამატული ვარიაციები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ სილიკატური ღრუბლები შეიძლება იყოს ყავისფერ ჯუჯებში ასეთ ვარიაციათა მექანიზმიც. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ასეთი დაკვირვებები შეიძლება ადვილად ჩატარდეს სხვა ყავისფერ ჯუჯებზეც, რაც გაცილებით ბევრ ცნობას მოგვცემს ამ უცნაურ ობიექტთა შესახებ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mpia.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.