აღმოჩენილია გიგანტური ნიანგის ნამარხი, რომელსაც მუცელში შეჭმული დინოზავრის ძვლები აქვს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია გიგანტური ნიანგის ნამარხი, რომელსაც მუცელში შეჭმული დინოზავრის ძვლები აქვს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 95 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ავსტრალიის ტერიტორიაზე, ნიანგების ვეებერთელა ნათესავმა მძლავრ ყბებში პატარა დინოზავრი მოიგდო და თითქმის მთლიანად გადაყლაპა.

ნიანგი მალევე მოკვდა და განმარხდა; ასე დაემართა მის მუცელში ნაწილობრივ მონელებულ და თითქმის მთლიან დინოზავრსაც.

პაწაწინა დინოზავრი ახალგაზრდა ორნითოპოდი იყო — ძირითადად ბიპედალურ (ორ ფეხზე მოსიარულე) ბალახისმჭამელთა ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიოდნენ იხვნისკარტა დინოზავრები (ლამბეოზავრები). ავსტრალიის ამ ნაწილში ორნითოპოდის ძვლები პირველად აღმოაჩინეს და შეიძლება, აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდეს.

უძველესი მტაცებელი ნიანგისა და მისი კარგად შემონახული უკანასკნელი სადილის ნაშთები მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ, დიდ ავსტრალიურ სუპერაუზში აღმოაჩინეს, ადგილზე, რომელიც ცარცული პერიოდით თარიღდება (დაახლოებით 145,5 – 65,5 მილიონი წლის წინანდელი ეპოქა).

ნიანგის ნამარხს აკლდა კუდი, უკანა კიდურები და მენჯის დიდი ნაწილი, მაგრამ ხელუხლებლად იყო შემონახული მისი თავის ქალა და დანარჩენი სხეულის ბევრი ძვალი; სიკვდილისას მისი სიგრძე 2,5 მეტრი უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდიც გაიზრდებოდა, რომ ეცოცხლა.

ნიანგის შორეულ ნათესავს მეცნიერებმა Confractosuchus sauroktonos-ი უწოდეს, წარმოადგენს ბერძნული და ლათინური სიტყვების ერთობლიობას და ნიშნავს „დინოზავრების მკვლელ დამსხვრეულ ნიანგს“.

სახელი „დინოზავრების მკვლელი“ მომდინარეობს მისი მუცლის შემცველობიდან, „დამსხვრეული“ კი ნამარხის მიმდებარედ ნანახ ქვიან გარემოს აღნიშნავს, რომელშიც ნიანგი და მის მუცელში მყოფი დინოზავრის ნაწილები 2010 წელს აღმოაჩინეს.

ნიანგისებრნი და დინოზავრები თანაარსებობდნენ ტრიასული პერიოდის დასაწყისში, 251,9 – 201,3 მილიონი წლის წინ და როგორც სხვა მტკიცებულებებიც მიუთითებს, ზოგიერთი დინოზავრი მათთვის საკმაოდ გემრიელი კერძი უნდა ყოფილიყო.

განმარხებული დინოზავრის კბილებზე არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ნიანგისებრი დინოზავრებს მიირთმევდა — ან ნადირობდა, ან მათ ლეშს ჭამდა.

თუმცა, პალეონტოლოგები ნიანგისებრებში იშვიათად პოულობენ ნაწლავებში განმარხებულ შემცველობას, ალბათ იმიტომ, რომ მათი ნაწლავები ძლიერ კოროზიულ მჟავებს შეიცავდა, როგორც თანამედროვე ნიანგებისა.

მეცნიერთა განცხადებით, ახალი აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ცალსახა მტკიცებულებას, რომელიც აჩვენებს, რომ დინოზავრებს ცარცული პერიოდის გიგანტური ნიანგები ჭამდნენ.

იმის გამო, რომ პატარა დინოზავრის ძვლები ზედმეტად მყიფე იყო და გარშემო ქანებიდან მათი ამოღება ვერ მოხერხდა, მკვლევრებმა ნიანგის მუცელი კომპიუტერული ტომოგრაფიით დაასკანერეს, შემდეგ კი ძვლების ციფრული 3D მოდელები შექმნეს. როგორც გამოთვალეს, ორნითოპოდი დაახლოებით 1,7 კგ უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიანგის უკანასკნელი მსხვერპლი ამ შემთხვევაში პატარა დინოზავრია, მტაცებელი სავარაუდოდ ცარცული პერიოდის სხვა ცხოველებზეც ნადირობდა. თუმცა, დიდი ალბათობით, დინოზავრები მისი რაციონის რეგულარული შემადგენელი უნდა ყოფილიყო.

„სავარაუდოდ, დინოზავრები ცარცულ ეკოლოგიურ კვების ჯაჭვში მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდნენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, პალეონტოლოგი მეტ ვაიტი.

კვლევა ჟურნალ Gondwana Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.