სამყაროში ძალიან ბევრი ამოუხსნელი ობიექტია და ახლახან, ასტრონომებმა კიდევ ერთი ასეთი აღმოაჩინეს — უცნაური, მტვრიანი ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ, მისი დედავარსკვლავის 75 პროცენტამდე ჩაბნელებას იწვევს.
ხშირად, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც თავის დედავარსკვლავის სინათლეს ბლოკავს, ის ეგზოპლანეტა ან ასტეროიდია. თუმცა ამ შემთხვევაში, ობიექტი თავის ვარსკვლავის სინათლეს ისე ბლოკავს, რომ ამის ახსნა არც ერთ ამ ვარიანტს არ შეუძლია — ჩაბნელება გაცილებით არასტაბილური და უწყვეტია.
ამ ეტაპზე, ასტრონომებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ დარწმუნებით, რომ ეს ობიექტი, სახელად TIC 400799224, უამრავ მტვერს აფრქვევს.
TIC 400799224 გარს უვლის ჩვენგან 2300 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავურ სისტემას და პირველად NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა აღმოაჩინა, რომელიც ჩვენს მეზობელ ვარსკვლავებთან პატარა პლანეტების აღმოჩენაზე ნადირობს.
TESS-ის მიერ შეგროვებული მონაცემების ხელოვნური ინტელექტით დამუშავებისას, ასტრონომები TIC 400799224-ს შემთხვევით წააწყდნენ, რადგან მისი მტვრიანი ღრუბლები სულ რამდენიმე საათში იწვევდა თავის ვარსკვლავის სინათლის დაახლოებით 25 პროცენტით ჩაბნელებას, რასაც მოსდევდა სიკაშკაშის რამდენიმე ცვლილება, რაც შეიძლება დაბნელებად ჩაითვალოს.
როგორც წესი, ეს დამსხვრეული პლანეტის ან ორბიტაზე მოძრავი სხვა სხეულის ნიშანი უნდა იყოს, რომელიც მტვერს გამოყოფს. ამ პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებაზე მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. თუმცა, ამ ობიექტის შესახებ ექვსი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ იქ რაღაც უცნაური ხდება.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა, რომლის გარშემოც TIC 400799224 მოძრაობს, ერთვარსკვლავიანი არ არის. აღმოჩნდა, რომ ის გარს უვლის ორმაგ (ბინარული) ვარსკვლავურ სისტემას, რომელშიც ერთი ვარსკვლავი 19,77-დღიანი პერიოდულობით პულსირებს.
მართალია, ეს პერიოდულობა საკმაოდ სარწმუნო ჩანს, მაგრამ ობიექტი, რომელიც სინათლეს აბნელებს, არასტაბილურია ფორმით, სიღრმითა და ხანგრძლივობით; სწორედ ამიტომ ვარაუდობენ ასტრონომები, რომ ეს გამოწვეული უნდა იყოს ორბიტაზე მოძრავი გარკვეული სახის ობიექტით, რომელიც პერიოდულად გამოყოფს ღრუბლებსა და მტვერს. მაგრამ უცნობია, ზუსტად რა შეიძლება იყოს ეს ობიექტი.
„ორბიტაზე მოძრავი სხეულის ბუნება შემაცბუნებელია, რადგან დიდი რაოდენობით მტვერს გამოყოფს; ეს მტვერი რომ ჩვენს მზის სისტემაში მდებარე ჯუჯა პლანეტა ცერერას დაშლის შედეგად გამოიყოფოდეს, ის მხოლოდ დაახლოებით რვა ათას წელიწადს გაძლებდა და შემდეგ მთლად გაქრებოდა“, — წერს პრესრელიზში ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრი.
„თუმცა საოცარია, რომ ამ ობიექტზე ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებებისას, პერიოდულობა მკაცრად შენარჩუნებულია და ობიექტი, რომელიც მტვერს გამოყოფს, აშკარად ხელუხლებელი რჩება“, — ამბობს კვლევაში მონაწილე ასტრონომი კარენ კოლინსი.
ასევე უცნობია, ორი ვარსკვლავიდან რომლის გარშემო მოძრაობს ეს იდუმალი ობიექტი, რაც კიდევ ერთი უცნაურობაა; თავდაპირველად შემჩნეული 25-პროცენტიანი ჩაბნელება მხოლოდ მცირედი აღმოჩნდა, რაც TIC 400799224-ს შეუძლია.
იმისდა მიხედვით, თუ ორიდან რომელია მისი ნამდვილი დედავარსკვლავი, ობიექტის მიერ გამოყოფილი მტვერი საკუთარი ვარსკვლავის სინათლის 37-75 პროცენტს ბლოკავს.
რიცხვების შეჯამების შემდეგ, მეცნიერებს გარკვეული წინსვლა აქვთ. მათი ვარაუდით, მონაცემები მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი მთავარ მიმდევრობამდელ ეტაპზე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი მიმდებარედ არსებული გაზისა და მტვრისგან მასას ჯერ კიდევ აგროვებს; ხშირად, ამ მატერიას ვარსკვლავის გარშემო დისკოს ფორმა აქვს.
ჯგუფმა ასევე განიხილა მტვრის წარმომავლობის სამი შესაძლო ახსნა:
1. ობიექტის დაშლა, ოღონდ მყარიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადასვლის გზით (სუბლიმაცია);
2. მცირე პლანეტის მსგავს ობიექტთა შეჯახება, რის შედეგადაც უწესრიგოდ უნდა გამოიყოფდეს მტვრის ღრუბლები;
3. მტვერი მიუყვება ვარსკვლავის დისკოში ჩაჭედილ პლანეტას.
ჯგუფის დასკვნით, ყველაზე სავარაუდო ახსნა მეორეა — ვარსკვლავის გარშემო, პლანეტის მსგავს ობიექტთან ხდება შეჯახებები, რის შედეგადაც ყოველ ჯერზე გამოიყოფა ბევრი მტვერი. ამან შეიძლება ახსნას მტვრის ღრუბლის რეგულარული პერიოდულობა ა სიღრმის ცვალებადობები.
წარსულში, ასეთივე აღმოჩენები ბოლოს დაშლის პროცესში მყოფ პლანეტებამდე მივიდა, მაგრამ მკვლევართა ჯგუფი მიხვდა, რომ ეს მონაცემები უკვე საკმარისად განსხვავებული იყო, რომ საქმე სხვა მოვლენასთან გვქონოდა.
როგორც მკვლევრები წერენ, მისი დეტალური მახასიათებლები სხვა ობიექტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ TIC 400799224 შეიძლება სხვა, საკუთარ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს.
ჯგუფი ობიექტზე დაკვირვების გაგრძელებას გეგმავს და ალბათ უახლოეს წლებში საბოლოოდ გავიგებთ, რა ხდება TIC 400799224-ის თავს.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.