აღმოჩენილია ევროპაში უმსხვილესი სამარხი, რომელშიც 1500 ჩონჩხს მიაკვლიეს
არქეოლოგებმა ჩეხეთში შუა საუკუნეების პერიოდის 30 მასიური სამარხი აღმოაჩინეს, რომლებშიც საერთო ჯამში 1500-მდე ჩონჩხს მიაკვლიეს.
რეკორდული ოდენობის ჩონჩხები გვიანდელი შუა საუკუნეების ბოჰემიას ეკუთვნის. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ჟან ფროლიკის ცნობით, ეს რიცხვი რეკორდულია ევროპაში.
„როგორც მე ვიცი, 30 სამარხის წყება უდიდესია ევროპაში“, — უთხრა მან Prague Daily Monitor-ს.
ნაშთები სედლეცის აკლდამის სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ეს აკლდამა ჩეხეთის ქალაქ კუტნა-ჰორის კაპელაშია განთავსებული, რომელიც მორთულია 40 000-დან 70 000-მდე ჩონჩხით.
კაპელის იატაკი მიწისპირს ქვემოთაა. მიმდებარე სამარხის გათხრისას, შესაძლებელი გახდა ნაგებობის ქვედა ნაწილებამდე მიღწევაც, სადაც ჩონჩხები იპოვეს, ძირითადად აკლდამის ჩრდილოეთ მხარეს, ნაწილი კი აღმოსავლეთ და დასავლთ მხარეებზე.
როგორც ჩანს, 1400 წელს ეს კაპელა ისე ააშენეს, რომ ამ ადგილას სამარხის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
საფლავები დაახლოებით 2-მეტრიანი კვადრატებია, სიღრმე კი 2,5-3 მეტრია; მიეკუთვნება მე-14 საუკუნის ორ განსხვავებულ პერიოდს. მკვლევართა აზრით, მათ შორის უფრო ძველი სამარხები დაკავშირებულია შიმშილობასთან, რომელიც ამ რეგიონში 1318 წელს მძვინვარებდა.
უფრო გვიანდელ საფლავთა სერია 1348-1350 წლებს მიეკუთვნება, როდესაც შავმა ჭირმა პიკს მიაღწია. დაიღუპა მრავალი მილიონი ადამიანი. შავი ჭირის მსხვერპლებით გავსებული მრავალი სამარხი მთელი ევროპის მასშტაბითაა აღმოჩენილი.
მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ სამარხები შეუმჩნეველი იყო, რადგან 1318 წლის ზოგიერთი ჩონჩხი დაზიანებულია 1348 წლის სამარხით. ნეშტების გარკვეული ნაწილი კი აღმოჩენილია კრიტიკულ ლოკაციათა ქვეშ, მაგალითად კაპელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში.
ამას გარდა, ის, რომ საფლავებში ჩატანებული არაა ნივთები, გარდა რამდენიმე მონეტისა და ბალთებისა — მიუთითებს, რომ გვამები სახელდახელოდაა დამარხული.
ჩონჩხების შესახებ მეტი ინფორმაციის შესაგროვებლად საჭიროა ძალიან ბევრი კვლევა, მაგრამ ისინი უკვე წარმოადგენს ნამდვილად ღირებულ აღმოჩენას.
მათი მეშვეობით შესაძლებელია მონაცემების მიღება რეგიონის მოსახლეობის შესახებ დროის ამ ორ მოკლე პერიოდს შორის; იზოტოპური ანალიზის მეთოდით კი მკვლევრებს შეუძლიათ გაარკვიონ ამ ადამიანთა კვების რაციონი და საცხოვრებელი გარემო; ამისათვის საჭიროა მათ ძვლებსა და კბილებში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტების კვლევა.
შესაძლებელია ისიც, რომ კაპელის ქვეშ კიდევ ბევრი სამარხი იყოს, მაგრამ მათი გათხრა აკლდამის დაზიანების გარეშე, ალბათ ზედმეტად რთული იქნება.
ფროლიკი და მისი ჯგუფი ამჟამად ჩონჩხების ანალიზითაა დაკავებული. შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებებნ. ექსჰუმირებული ნაშთებით 600 მოზრდილი ყუთი გაივსო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით