აღმოჩენილია ბოთლში ჩადებული უძველესი წერილი შთამბეჭდავი შინაარსით
20:40, 07.03.2018
დასავლეთ ავსტრალიის პლაჟზე, ქვიშაში იპოვეს 132 წლის წინანდელი ბოთლი, რომელშიც წერილი დევს.
როგორც წერილიდან ირკვევა, ბოთლმა საუკუნეზე მეტხანს იცურა. გაშვებულია 1886 წელს, გემიდან, ინდოეთის ოკეანეში, აღმოჩენის ადგილიდან 950 კილომეტრის მოშორებით.
ჯინის ძველი ბოთლი ადგილობრივმა მცხოვრებმა იანვრის დასაწყისში, კუნძულ ვედჯზე, სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით იპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოთლს თავსახური არ ჰქონდა, თითქმის ხელუხლებლადაა შენახული მასში ჩადებული წერილი.
როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ყველას წარმოუდგენია, რომ ბოთლში უნდა იდოს უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილ ადამიანთა სასოწარკვეთილი წერილი, დახმარების თხოვნით.
თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. საქმე ეხება გერმანულ ექსპერიმენტს, რომელიც 1864-1893 წლებში იკვლევდა ოკეანის დინებებს.
იმ დროისათვის, გერმანული გემებიდან ოკეანეში ათასობით ბოთლი ჩაყარეს. თითოეულ მათგანში იდო ქაღალდის გრაგნილი, რომელზეც ეწერა თარიღი, ბოთლის გაშვების მომენტში გემის ზუსტი კოორდინატები, გემის სახელი, მისი მშობლიური ნავსადგური და მის მიერ გავლილი გზა.
თუმცა, პროექტი არც თუ ისე გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ბოთლის მპოვნელს პოვნის ადგილის შესახებ უნდა ეცნობებინა ჰამბურგის საზღვაო ობსერვატორიის ან გერმანიის უახლოესი საკონსულოსთვის.
კაპიტნის კალმით შევსებული გრაფები გაუფერულებული იყო, შესაბამისად, მპოვნელის ქმარმა, კიმ ილმენმა პატარა გამოძიება ჩაატარა და ნაწერის წაკითხვაც შეძლო — თარიღი (1886 წლის 12 ივნისი), კოორდინატები, მარშრუტი (კარდიფი-მაკასარი) და გემის სახელი.
ეს ბოთლი გემიდან გადააგდეს 1886 წლის 12 ივნისს, სამხრეთის განედის 32° 49′ და აღმოავლეთის გრძედის 105° 25′-ზე გემი: ბარკის ტიპის გემი „პაულა“ მარშრუტი: კარდიფი-მაკასარი მპოვნელს ვთხოვთ, ბოთლში ჩადებული წერილი გააგზავნოს ჰამბურგში, გერმანიის საზღვაო ობსერვატორიაში ან მიბრძანდეს უახლოეს საკონსულოში და შეავსოს სპეციალური ფორმა.
132 წლის შემდეგ, მპოვნელმა ბოთლი დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმში მიიტანა. მუზეუმის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ წერილზე მითითებული მონაცემები ზუსტად შეესაბამებოდა ისტორიულ ჩანაწერებს, რადგან 1886 წელს, გემი „პაულა“ სპეციფიკურ მარშრუტზე მოძრაობდა.
თუმცა, ყველაზე საოცარი ინფორმაცია გერმანიიდან მოვიდა, მას შემდეგ, რაც დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმი გერმანელ მკვლევრებს დაუკავშირდა.
„დაუჯერებელია, გერმანიის საარქივო მონაცემებში აღმოაჩინეს „პაულას“ ორიგინალი მეტეოროლოგიური ჟურნალი, რომელშიც 1886 წლის 12 ივნისს კაპიტნის მიერ გაკთებულია ჩანაწერი ოკეანეში ბოთლის გაშვების შესახებ. თარიღი და კოორდინატები ზუსტად შეესაბამება ბოთლში ჩადებულ წერილში მოხსენიებულს“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის საზღვაო არქეოლოგიის კურატორი როს ანდერსონი.
„ბოთლის წერილის ხელნაწერისა და „პაულას“ მეტეოროლოგიურ ჟურნალში კაპიტნის ჩანაწერის შედარებისას დადგინდა, რომ ისინი იდენტურია და ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის“, — ამბობს როსი.
ექსპერიმენტის ფარგლებში გერმანული გემებიდან გაშვებულ ათასობით ბოთლს შორის, ეს აღმოჩენა არის მხოლოდ 663-ე, მაგრამ უძველესი.
მომზადებულია wa.gov.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით