აღმოჩენილია ბამბის ნაყინის მსგავსად მსუბუქი, ახალი ტიპის გაბერილი პლანეტები
მზის სისტემაში ორ ზუსტად ერთნაირ პლანეტას ვერ ნახავთ, მაგრამ მათი ზოგადი კატეგორიზაცია მაინც შესაძლებელია — კლდოვანი პლანეტებია დედამიწა, ვენერა და მარსი; გაზის გიგანტებია სატურნი და იუპიტერი; ყინულის გიგანტებია ნეპტუნი და ურანი; ჯუჯა პლანეტებია პლუტონი და ცერერა.
ეს ყველაფერი ფრიად მრავალფეროვანი ჩანს, მაგრამ ასტრონომებმა ახლახან დაასრულეს დეტალური კვლევა ერთი მომაჯადოებელი ტიპის პლანეტების შესახებ, რომლებსაც მზის სისტემაში ვერ ნახავთ — საქმე ეხება სუპერ-გაბერილ, ფაფუკ პლანეტებს.
ამ დრომდე ჩვენ მიერ აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტას შორის, გაბერილი მხოლოდ 15 ცალია. მკვლევართა მიერ შესწავლილი ეს სამი ახალგაზრდა ეგზოპლანეტა ჩვენგან 2600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთან მოძრაობს, არიან თითქმის იუპიტერის ზომის, მაგრამ აქვთ მისი მასის ერთ პროცენტზე ნაკლები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი სიმკვრივე საოცრად დაბალია; უფრო მეტიც, ისინი ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე გაბერილი პლანეტებია და მათი სიმკვრივე კუბურ სანტიმტრზე 0,1 გრამზე ნაკლებია. პრესრელიზში, მკვლევართა ჯგუფი ამ პლანეტათა სტრუქტურას ბამბის ნაყინს ადარებს.
კოლორადოს უნივერსიტეტის ეგზოპლანეტების მეცნიერის, ზაჩორი ბერტა-ტომპსონის განცხადებით, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ეგზოპლანეტები ამჟამად ჩვენთვის ცნობილთა შორის.
სამივე პლანეტა გარს უვლის ვარსკვლავ კეპლერ 51-ს, აღმოაჩინეს 2012 წელს, მაგრამ მათი უკიდურესად დაბალი სიმკვრივე მხოლოდ 2014 წელს დადგინდა. ამჯერად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩატრებულ დაკვირვებათა საფუძველზე ასტრონომთა ჯგუფმა გაარკვია, რა ხდება ამ პლანეტათა ატმოსფეროში.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი პლანეტებს ტრანზიტის მეთოდით პოულობდა, ანუ ეძებდა მცირე ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც გამოწვეულია მას და ტელესკოპს შორის პლანეტის ჩავლით, ანუ ტრანზიტით.
კიდევ ერთი გასაოცარი რამ ტრანზიტულ ეგზოპლანეტათა შესახებ ის არის, რომ როდესაც ისინი ვარსკვლავის სინათლეს აბნელებენ, მისი ნაწილი იფილტრება ეგზოპლანეტის ატმოსფეროში, თუ რა თქმა უნდა, ატმოსფერო საერთოდ აქვს. შესაბამისად, შესაძლებელია ვარსკვლავის სპექტრის ელექტრომაგნიტურ ტალღის სიგრძეთა დანახვა როგორც პლანეტის ტრანზიტის დროს, ისე მის გარეშე.
იმის გამო, რომ კონკრეტული მოლეკულები კონკრეტულ ტალღის სიგრძეებს ბლოკავენ, სპექტრში არსებული შთანთქმის ამ ხაზების საშუალებით შესაძლებელია ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის გარკვევა.
სწორედ ეს გააკეთეს მკვლევრებმა პლანეტა კეპლერ 51 b-სა და კეპლერ 51 d-ს ატმოსფეროთა ანალიზისას. შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ატმოსფეროები ზედა ნაწილში დაბურული იყო გაუმჭვირვალე ფენით.
კოლორადოს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ჯესიკა ლიბი-რობერტსის განცხადებით, ამ ფაქტმა ისინი გააოცა და დაიწყეს იმის გარკვევა, რა შეიძლება ხდებოდეს იქ. ელოდნენ წყლის პოვნას, მაგრამ მისი მოლეკულების ხელწერა არ დაფიქსირდა.
შესაბამისად, მათ კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართეს, რათა გაერკვიათ, რა სახის ატმოსფერულ პირობებს შეეძლო გამოეწვია ასეთი გაბერვა, ძალიან დაბალი ზოგადი სიმკვრივე და გაუმჭვირვალე ქერქი. ყველაზე მორგებადმა სიმულაციამ მიუთითა, რომ ატმოსფერო შედგება წყალბადისა და ჰელიუმის ნაზავისგან, ზედა ფენა კი მეთანისგან.
მეთანის დაახლოებით ასეთი ფენა ადრეც გვაქვს ნანახი, სატურნის მთვარე ტიტანზე. იმის გამო, რომ ტიტანს გარს აკრავს მეთანის სქელი ფენა, ამ მთვარის ზედაპირის პირდაპირი ფოტოს გადაღება 2004 წლამდე შეუძლებელი იყო, სანამ ხომალდი „კასინი“ იქ ზონდ „ჰიუგენსს“ დასვამდა.
ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა, რომ ეს ატმოსფეროები კოსმოსში წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებლით ჟონავს. მათი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ არის ასეთი სუპერ-გაბერილი პლანეტები ასე იშვიათი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს პლანეტები ძალიან ახალგაზრდაა, ბამბის ნაყინის მდგომარეობა შეიძლება, დროებითი, გარდამავალი ეტაპი იყოს მათი განვითარების გზაზე და საბოლოოდ მივიღოთ მინი-ნეპტუნები — პლანეტების ყველაზე გავრცელებული ტიპი ჩვენს გალაქტიკაში (რომელიც მზის სისტემაში ასევე არ მოგვეპოვება).
ბერტა-ტომპსონის განცხადებით, გარდა მათი უცნაურობისა, ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამ პლანეტებს ვხედავთ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზე დაკვირვების შანსიც ზოგადად იშვიათად გვაქვს.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.