აღმოჩენილია ადრეული სამყაროს 83 გიგანტური შავი ხვრელი - ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელი ეჭვქვეშ დგება
ასტრონომებმა 83 კვაზარი აღმოაჩინეს, რომლებსაც სუპერმასიური შავი ხვრელები კვებავენ. კვაზარები ადრეულ სამყაროს ეკუთვნის, როცა მისი წლოვანება ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენდა.
მსგავსი აღმოჩენები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ობიექტები ადრეულ სამყაროში იმაზე ბევრი იყო, ვიდრე გვეგონა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად კოსმოლოგიურ მოდელს.
კვაზარები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტებია, წარმოადგენს უკიდურესად კაშკაშა გალაქტიკურ ბირთვებს, რომლებისაც ენერგიას აძლევს კვების პროცესში მყოფი სუპერმასიური შავი ხვრელები. როცა შავი ხვრელის გარშემო მატერია მორევივით ბრუნავს, მისი ხახუნი იმდენად ძლიერ რადიაციას წარმოქმნის, რომ მისი დანახვა მილიარდობით სინათლის წლის მანძილიდანაც კი შესაძლებელი ხდება.
თუმცა, არის ერთი დიდი პრობლემა. ვფიქრობთ, რომ ვიცით, როგორ წარმოიქმნება შავი ხვრელები — ისინი მასიურ ვარსკვლავთა კოლაფსირებული ბირთვები არიან. სუპერმასიურ შავ ხვრელთა მასა ჩვენი მზის მასაზე მილიარდობით მეტია.
ეს კი მოითხოვს დროს და წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მატერიას. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ მოახერხეს ამ კვაზარებმა სამყაროს ასე ადრეულ ასაკში ამდენი მატერიის მოგროვება?
პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, მაიკლ შტრაუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა მასიურმა ობიექტებმა წარმოქმნა დიდი აფეთქებიდან მალევე შეძლეს. მისი თქმით, იმის გარკვევა, თუ როგორ წარმოიქმნა შავი ხვრელები ადრეულ სამყაროში და რამდენად ხშირი იყო ისინი, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს კოსმოლოგიურ მოდელებს.
ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი უძველესი კვაზარები წარმოქმნილი იყო დიდი აფეთქებიდან 690 მილიონი წლის შემდეგ, როცა სამყაროს ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ხუთი პროცენტი ჰქონდა. შენიშნეს სხვა რამდენიმეც.
თუმცა, მიიჩნეოდა, რომ ისინი მაინც შედარებით იშვიათი იყო. ამიტომ, ასტრონომებმა იაპონიიდან, ტაივანიდან და აშშ-დან, ძიება გააფართოვეს, რისთვისაც ჰავაიზე განთავსებული სუბარუს ტელესკოპის მონაცემები გამოიყენეს.
ამ ინსტრუმენტის წყალობით, მათ აქამდე აღმოჩენილზე უფრო მკრთალ კვაზარებზე დაკვირვების საშუალება მიეცათ. უძველესი კვაზარი, რომელიც მათ იპოვეს, ჩვენგან 13,05 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს მეორე ყველაზე შორეულ კვაზარს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
სამყარო 13,8 მილიარდი წლისაა და მეცნიერთა აზრით, პირველი ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 500 მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ადრეული სამყაროს ნეიტრალური წყალბადი ხელახლა იონიზდა. კვაზარების წარმოქმნისთვის რჩება მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წელი.
ჯგუფი კვლევის მიხედვით, ეს ობიექტები მაშინ საკმაოდ ბევრი უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად გამოავლინეს კანდიდატი კვაზარები, შემდეგ კი სხვადასხვა ტელესკოპის სპექტრული ანალიზით გადაამოწმეს.
შედეგად აღმოაჩინეს 83 ახალი კვაზარი. ამ რეგიონში მანამდე აღმოჩენილის 17 სხვა კვაზარიც. ჯგუფის გათვლებით, იქ ყოველ კუბურ სინათლის გიგაწელზე ერთი კვაზარი მოდის.
დიდი აფეთქების შემდეგ, სამყარო ერთგვარი ცხელი, ბნელი, კოსმოსური მასშტაბის „პირველყოფილი სოუსი“ იყო, რომელიც სწრაფად ფართოვდებოდა.
გაფართოებასთან ერთად, ის ცივდებოდა, რაც პროტონებსა და ნეიტრონებს იონიზებულ წყალბადის ტომებად კომბინირებას აიძულებდა. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 230 000-300 000 წლის შემდეგ, წყალბადის ამ ატომებმა მიიბეს ელექტრონები და ნეიტრალურ წყალბადად შეერთდნენ.
თუმცა, ვარსკვლავების სინათლე იქამდე არ გამოჩნდა, სანამ გრავიტაციამ პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები არ წარმოქმნა. ამჟამინდელი თეორიების მიხედვით, ამ მომენტიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ნეიტრალური წყალბადი გააღიზიანა ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა, გალატიკათა და ჯერ კიდევ აღმოუჩენელ კვაზართა ულტრაიისფერმა სინათლემ.
ამ ხანას რეიონიზაციის ეპოქას უწოდებენ, მაგრამ არ ვიცოდით, ზუსტად როგორ მოხდა ის. თუმცა, ახალი კვლევის შედეგად, ახლა უკვე ვიცით, რომ მაშინდელ სამყაროში საკმარისი კვაზარები არ იყო იმისათვის, რათა ამ პროცესზე მთლიანად ისინი ყოფილიყვნენ პასუხისმგებელი.
კვაზართა ახალი პოპულაცია მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ შეისწავლონ სუპერმასიურ შავ ხვრელთა წარმოქმნის ამბავი ადრეულ სამყაროში. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გაარკვევენ იმასაც, როდის დაიბადა სამყაროში პირველი შავი ხვრელი.
მომზადებულია princeton.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.