აღმოჩენილია ადგილი, სადაც ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები გადაიკვეთნენ და შეჯვარება დაიწყეს — #1tvმეცნიერება
როდესაც თანამედროვე ადამიანები აფრიკიდან გამოვიდნენ, მათ იმაზე ბევრი რამ გამოიკვლიეს, ვიდრე უბრალოდ ახალი ადგილები. შეხვდნენ ადამიანის ახალ სახეობებს და ირანში, ზაგროსის მთებში, უბრალოდ შეხვედრაზე მეტიც ჩაიდინეს.
ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ აქ შეჯვარდა ერთმანეთში ჰომო საპიენსი და ჰომო ნეანდერტალენსისი (ნეანდერტალელი), რამაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სახეობის ბედი — ათასწლეულების შემდეგ, დღესაც კი ვატარებთ ნეანდერტალელთა დნმ-ს.
კიოლნის უნივერსიტეტის არქეოლოგმა სამან გურანმა და მისმა კოლეგებმა გენეტიკური, არქეოლოგიური, ტოპოგრაფიული და ეკოლოგიური მონაცემები გამოიყენეს, რათა ამ მოვლენის ზუსტი ადგილი განესაზღვრათ.
„ჩვენი აზრით, ზაგროსის მთები დერეფნის როლს ასრულებდა, აადვილებდა თანამედროვე ადამიანთა ჩრდილოეთით გავრცელებას და ნეანდერტალელთა სამხრეთით გავრცელებას“, – წერს ჯგუფი პუბლიკაციაში.
ამ ზონაში მდებარეობს ნეანდერტალელთა სახელგანთქმული ძეგლი შანიდარის მღვიმე, რომელშიც ათი ნეანდერტალელის ნაშთები აღმოაჩინეს, მათ შორის ე. წ. ყვავილების სამარხი.
ასეთმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ნეანდერტალელები იმაზე გაცილებით ჭკვიანები, შემოქმედებითები და მზრუნველები იყვნენ, ვიდრე თავიდან გვეგონა.
გურანისა და მისი კოლეგების კვლევა მონაცემთა მრავალ წყაროს ეფუძნება და მიუთითებს, რომ ზაგროსის მთები ის ადგილია, სადაც გარემო პირობები საუკეთესო იყო თანამედროვე ადამიანებისა და ჩვენი გადაშენებული ბიძაშვილების (ნეანდერტალელები) ერთმანეთთან შესახვედრად.
მოიცავს ცივ რეგიონებსაც, მაგალითად, ნეანდერტალელთა პალეარქტიკულ დაბადების ადგილებს და უფრო თბილ და მდიდარ აფროტროპიკულ რეგიონებსაც, ისეთს, როგორშიც ჩვენი სახეობა გაჩნდა.
„არქეოლოგიური და ნამარხი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში სწორედ იმ პერიოდში შევიდა“, — წერენ მკვლევრები.
დროის ეს მონაკვეთი, დაახლოებით 120 – 80 ათასი წლის წინ, ემთხვევა შეჯვარების მეორე ტალღას, რომელიც დღემდეა ჩაბეჭდილი ჩვენს გენებში.
ზაგროსის რეგიონი ძლიერ ბიომრავალფეროვანია და საკმარისი რესურსები აქვს, რომ ორივე სახეობას ერთმანეთის გვერდიგვერდ ეარსება. ამას გარდა, არსებობს უსაფრთხო „ჯიბეებიც“, სადაც მათ კლიმატური პირობების გაუარესებისას შეეძლოთ თავის შეფარება.
„ორი სხვადასხვა რეგიონის სასაზღვრო ზონები ბიოლოგიაში მნიშვნელოვანია, რადგან თავშესაფრების როლს ასრულებს გლაციალური გარემოს სახეობებისთვის“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
ასევე შესაძლებელია ისიც, რომ სწორედ კლიმატური პირობების ასეთმა ცვლილებამ განაპირობა ორი სახეობის ერთმანეთთან ახლოს მისვლა და მათი ურთიერთობების ზრდა.
ნეანდერტალელის 65 000 წლის წინანდელი კბილი, რომელიც ქვის იარაღებთანაა დაკავშირებული, მხარს უჭერს გურანის ჯგუფის ეკოლოგიურ მოდელირებას. ის ნეანდერტალელებს შესაფერის ადგილას, შესაფერის დროს ათავსებს.
ამას გარდა, წინა კვლევებში იპოვეს მსგავსებები ამ რეგიონის ნეანდერტალელთა და თანამედროვე ადამიანთა სახის მახასიათებლებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ნეანდერტალელთა დნმ გვაქვს, ჯერ არ არის აღმოჩენილი თანამედროვე ადამიანის დნმ ნეანდერტალელთა ნაშთებში.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნეანდერტალელთა ნიმუშების სიმწირე, ანდაც ის, რომ გენების წარმატებული გაცვლა იშვიათობას წარმოადგენდა.
გურანი და მისი ჯგუფი ირანელ არქეოლოგებს ზაგროსის მთების უკეთესად შესწავლისკენ მოუწოდებს, რათა ამ საკითხს მეტად მოეფინოს ნათელი.
ადამიანის ეს ორი სახეობა სპარსეთის ამ პლატოს ათობით ათასი წლის განმავლობაში იყოფდა, ვიდრე ნეანდერტალელები სამუდამოდ გადაშენდებოდნენ. წარმოიდგინეთ, ისეთები, როგორებიც დღეს ვართ, მხოლოდ ამ მათი ამ ადგილას შეხვედრისა და შეჯვარებების შედეგია.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.