აღმოჩენილია 400 000 წლის წინანდელი ძვლის იარაღები, რაც ძლიერ ცვლის ჩვენს წარმოდგენას ადრეულ ადამიანთა შესახებ — #1tvმეცნიერება
400 000 წლის ძეგლზე, არქეოლოგებმა სპილოს ძვლის 98 იარაღი აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ადრეულ ადამიანთა, მაგალითად, ნეანდერტალთა მიერ ასეთი იარაღების გამოყენების შესახებ.
ძვლები თანამედროვე რომის სიახლოვეს აღმოაჩინეს, ადგილზე, რომელსაც კასტელ-დე-გიდოს უწოდებენ. შორეულ წარსულში, ამ გეოლოგიურ წარმონაქმნში წყალი გროვდებოდა და ძლიერ იზიდავდა ამჟამად გადაშენებულ სწორეშვებიან სპილოებს (Palaeoloxodon antiquus); როგორც ჩანს, ამ ადგილას ბევრი სპილოც კვდებოდა.
იარაღების ახლად აღმოჩენილი კოლექცია მიუთითებს, რომ კასტელ-დი-გიდოს მიმდებარედ ბინადარი უძველესი ჰომინიდები იქ ძვლებს უქმად არ ტოვებდნენ და მათგან პრიმიტიულ იარაღებს ამზადებდნენ. ამისათვის მიმართავდნენ მეთოდებს, რომელთა ასე შორეულ წარსულში გამოყენების შესახებაც ამ დრომდე არ ვიცოდით, ყოველ შემთხვევაში, ასეთი მასშტაბით.
„ამ პერიოდის ძვლის იარაღები სხვა ძეგლებზეც გვინახავს, მაგრამ არა ასე მრავალფეროვანი და კარგად გამოკვეთილი ფორმებით“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის არქეოლოგი პაოლა ვილია.
მისი განცხადებით, კასტელ-დი-გიდოსთან ადამიანები სპილოს გრძელ ძვლებს სტანდარტიზებული წესით ამტვრევდნენ და სტანდარტიზებულ ძვლის იარაღებს ამზადებდნენ. მისივე თქმით, ამ სახის უნარები მხოლოდ გაცილებით გვიან გახდა საკმაოდ გავრცელებული.
სხვა ძეგლებზე შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ადრეული ადამიანები ძირითადად იმ ძვლებს იყენებდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, თანაც ისე, რომ არ ამუშავებდნენ და არ ირგებდნენ; თუმცა, კასტელ-დი-გიდოზე ყველაფერი სხვაგვარადაა.
მეთოდს, რომელსაც ისინი იყენებდნენ, დარტყმით აქერცვლა ეწოდება, ანუ, ძვლისგან კონკრეტული იარაღის გამოსათლელად სხვა იარაღს იყენებდნენ. ამავე მეთოდით მზადდებოდა ქვის იარაღებიც და იმ დროისათვის ისინი უფრო მეტად იყო გავრცელებული; სწორედ ამიტომ არის ძვლის 98 იარაღის აღმოჩენა ასე გასაკვირი.
როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით „ჭკვიანები“ იყვნენ. ამის ახსნა შეიძლება უბრალოდ ის იყოს, რომ მათ უფრო ბევრი სპილოს ძვალი ჰქონდათ, ვიდრე სხვა ჯგუფებს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებოდათ კაჟის ბუნებრივ, დიდ ნაჭრებზე, რათა მათგან დაემზადებინათ იარაღები.
მათ მიერ დამზადებულ იარაღებს შორის არის ისეთებიც, რომლებსაც შეიძლება ხორცის დასაჭრელად იყენებდნენ; არის სოლებიც, რომლებითაც შესაძლოა სპილოს დიდ ძვლებს ამსხვრევდნენ, მაგალითად ბარძაყის ძვლებს.
„პირველ რიგში საჭიროა ღარის გაკეთება, სადაც უნდა ჩადო ეს ბასრპირა, მძიმე ნაჭრები. შემდეგ საჭიროა დარტყმა და გარკვეულ მომენტში ძვალიც დაიმსხვრევა“, — ამბობს ვილია.
ამ ძეგლზე აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იარაღია ე. წ. ლიზუარი: ძვალი, რომლის ერთი დაბოლოებაც გრძელი და გლუვია; მას სავარაუდოდ ძვლის დასამუშავებლად იყენებდნენ. ამ სახის იარაღებს მხოლოდ დაახლოებით 300 000 წლის წინანდელ პერიოდში ვხვდებით.
აღმოჩენილ იარაღთა მრავალფეროვნებიდან და მათი დამზადებისთვის საჭირო მეთოდებიდან გამომდინარე, არქეოლოგებმა შეიძლება უფრო ზუსტად განსაზღვრონ ამ იარაღთა და მათი წარმოების თავდაპირველი მეთოდების შექმნის ქრონოლოგია.
ჯერჯერობით, ეს ძვლის იარაღების წარმოების იზოლირებულ ადგილს ჰგავს. ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ამ ადგილას ნეანდერტალები ცხოვრობდნენ და რეკორდულად დიდი ოდენობით იარაღს ამზადებდნენ.
„დაახლოებით 400 000 წლის წინ იწყება ცეცხლის ჩვეულებრივი გამოყენება, რაც ნეანდერტალთა მოდგმის დასაწყისია. ეს პერიოდი ძლიერ მნიშვნელოვანია კასტელ-დო-გიდოს ძეგლზე“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის არქეოლოგი პაოლა ვილია.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.