მეცნიერებმა ნასკას ხაზების სახელით ცნობილი 140 ახალი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ნასკას ხაზები იდუმალებით მოცული უძველესი, გიგანტური ფიგურების ჯგუფია სამხრეთ პერუს უდაბნოში.
ადამიანების, ცხოველების და სხვა ობიექტების ეს მასიური გამოსახულებები დაახლოებით 2500 წლის წინანდელია და იმდენად დიდია, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ზემოდან, ჰაერიდანაა შესაძლებელი.
იაპონიის იამაგატას უნივერსიტეტის არქეოლოგთა ცნობით, 2004 წელს დაწყებული კვლევის შედეგად აღმოჩენილია ნასკას აქამდე უცნობი 143 გეოგლიფი; მათ შორის ერთი ფიგურაა. აღმოჩენა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხერხდა.
მეცნიერთა აზრით, ახლად აღმოჩენილი გეოგლიფები შექმნილია დაახლოებით ძვ. Წ. 100 — ახ. Წ. 300 წლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნასკას უძველესი კულტურის მიერ შექმნილი ამ ფიგურების დანიშნულება ბოლომდე გარკვეული არ არის, გარკვეულწილად ცნობილია, როგორ შექმნეს ისინი.
მკვლევართა ჯგუფის განმარტებით, ყველა ფიგურა შექმნილია მიწიდან შავი ქვების საფარის მოცილების გზით, რის შედეგადაც ხილული ხდებოდა მის ქვეშ არსებული თეთრი ქვიშა.
ერთ-ერთი წინა ჰიპოთეზის მიხედვით, ნასკას საზოგადოებამ გიგანტური გეოგლიფები (ზოგიერთის სიგრძე ასობით მეტრია) შექმნა იმიტომ, რომ ციდან ისინი ღვთაებებს დაენახათ; კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, ფიგურებს ასტრონომიული დანიშნულება ჰქონდა.
ახალი კვლევის ფარგლებში, რომელსაც ანთროპოლოგი და არქეოლოგი მასატო საკაი ხელმძღვანელობდა, ჯგუფმა შეისწავლა ნასკას რეგიონისთვის თანამგზავრიდან გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები, ასევე ჩაატარა საველე სამუშაოები; შედეგად გამოავლინა გეოგლიფთა ორი ძირითადი ტიპი.
უძველესია B ტიპი (ძვ. Წ. 100 – ახ. Წ. 100), რომლებიც სიგრძეში 50 მეტრზე ნაკლებია. A ტიპის გეოგლიფები ოდნავ გვიანდელია (ძვ. Წ. 100 – ახ. Წ. 300), არის უფრო პორტრეტული, სიგრძე კი 50 მეტრზე მეტია; ჯგუფის მიერ აღმოჩენილი უდიდესი გეოგლიფის სიგრძე 100 მეტრს აღწევს.
მკვლევართა აზრით, უდიდესი A ტიპის გეოგლიფები, რომლებსაც ხშირად ცხოველების ფორმები აქვთ, სარიტუალო ადგილები იყო, სადაც ხალხი ცერემონიებს ატარებდა; ამ დროს ამსხვრევდნენ სხვადასხვა სახის კერამიკის ჭურჭელს.
რაც შეეხება უფრო პატარა, B ტიპის გეოგლიფებს, ისინი ბილიკების გასწვრივ იყო გადაჭიმული და შესაძლოა, ორიენტირი იყო მოგზაურთათვის — სავარაუდოდ, A ტიპის ადგილებისაკენ, სადაც ხალხი იკრიბებოდა.
B ტიპის ზოგიერთი გეოგლიფი მართლაც პატარაა, ახლად აღმოჩენილთა შორის ყველაზე მცირე 5 მეტრის სიგრძისაა, რის გამოც მათი იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
2018 წელს კომპანია IBM-თან დაწყებული ექსპერიმენტული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯგუფმა გამოიყენა ამ კომპანიის მიერ შექმნილი ღრმა მანქანური სწავლების ხელოვნური ინტელექტი.
სწავლების ქსელმა, სახელად WMLA, შეისწავლა დრონებისა და თანამგზავრების მიერ გადაღებული დიდი ოდენობით ფოტომასალა. მისი მიზანი იყო ეხილა ნასკას ხაზების მსგავსი დამალული ნიშნები.
სისტემამ დამთხვევა მართლაც აღმოაჩინა — ჰუმანოდის მსგავსი, ორ ფეხზე მდგომი პატარა მკრთალი ფიგურა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უცნაური, უძველესი პერსონაჟის სიმბოლური მნიშვნელობა უცნობია, მკვლევართა განცხადებით, ის ბილიკის ახლოსაა გამოსახული და შესაძლოა, ორიენტირის როლს ასრულებდა მოგზაურებისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიღწევა ნამდვილად დიდია — თანამედროვე ადამიანთა მიერ შექმნილმა მოწინავე სისტემამ უძველეს ადამიანთა მიერ შექმნილი გაურკვეველი სიმბოლური სისტემა აღმოაჩინა.
ნასკას ხაზების საიდუმლოს საბოლოოდ ამოხსნამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ იამაგატას უნივერსიტეტისა და IBM-ის ჯგუფი იმედიანად არის განწყობილი და კვლევებს აგრძელებს.
მომზადებულია yamagata-u.ac.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.