აღდგომის კუნძულის ქანდაკებების უზარმაზარი ქუდების საიდუმლო
18:18, 05.06.2018
აღდგომის კუნძულის სახელგანთქმულ ქანდაკებებს (მოაი) უზარმაზარი, ქვისგან გამოკვეთილი ქუდები ახურავს. თითოეული მათგანი რამდენიმე ტონას იწონის.
ამ კუნძულის სხვა მრავალ საიდუმლოსთან ერთად, მეცნიერები ამ დრომდე ვერაფრით ხსნიდნენ, როგორ მოახერხეს მისმა შემქმნელებმა გიგანტური ქუდების აწევა და ქანდაკებათა თავებზე მორგება.
საუკუნეებია, აღდგომის კუნძულის უცნაური ქანდაკებები მკვლევრებს საგონებელში აგდებს. საუკუნეების წინ, მათი შემქმნელი რაპა-ნუის ხალხის მოულოდნელად გაქრა. ეს ამბავიც იდუმალებითაა მოცული.
„კუნძულის წარსულის შესახებ არსებულ მრავალ შეკითხვას შორის, ორი განსაკუთრებულია. როგორ გადაადგილა ამ ხალხმა ეს უზრმაზარი ქანდაკებები და როგორ დაახურა თავზე ქვის გიგანტური ქუდები (პუკაო)?“, — ამბობს ბინგჰემტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კარლ ლიპო.
პირველ შეკითხვას მკვლევრებმა უკვე გასცეს პასუხი. ათწლეულების განმავლობაში, არქეოლოგებმა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს „მოსიარულე მოაის“ შესახებ. აღმოჩნდა, რომ წინასწარ მომზადებულ ბილიკზე, გვერდიდან თოკებმობმული ქანდაკება ბიძგის მიცემისას ნელ-ნელა წინ გადაადგილდება.
უკეთ აღსაქმელად, წარმოიდგინეთ მაცივარი, რომელიც სამზარეულოში ხანდახან მოძრაობას იწყებს.
მაგრამ რაც შეეხება მსოფლიოში უმძიმეს ქუდებს?
ახალ კვლევაში ლიპო და მისი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ცილინდრული ფორმის ქუდები გამოაგორეს კარიერიდან, რომელშიც ისინი ვულკანური ქანებისგან გამოკვეთეს. მათი დიამეტრი 2 მეტრია, წონა კი 12 ტონა.
მაგრამ როგორ აჰქონდათ ქუდები ქანდაკებების თავებზე? მკვლევართა აზრით, საჭირო იყო მხოლოდ საბჯენები და ფიზიკის პატარა ხრიკი — დამრეცი ზედაპირი და თოკები.
„ხაზი შემოხვეული უნდა ყოფილიყო ქუდის ცილინდრის გარშემო, შემდეგ კი პლატფორმაზე მდგომ ხალხს თოკები უნდა მოექაჩა. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს დახრილ საბჯენზე ქუდის ათრევისთვის საჭირო ძალას. ქანდაკებების გადაადგილების მეთოდის მსგავსად, ეს მიდგომაც მარტივი და დახვეწილი გამოსავალია საჭირო რესურსებისა და ძალის შემცირებისათვის“, — აღნიშნავს ლიპო.
ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, მაგრამ იმის დეტალურად გასარკვევად, თუ სამუშაოს ასრულებდა რაპა-ნუის ხალხი, საჭირო გახდა 50 ქუდის 3D მოდელის შექმნა. ამის შემდეგ კი გამოთვალეს, როგორ შეიძლება აეწიათ უზარმაზარი ქუდები დახრილ პლატფორმებზე (აჰუ).
„ნიუტონის ფიზიკაზე, ადამიანის ძალის შეფასებაზე, მოაის ქანდაკებების სიმაღლეზე და ქუდების მასაზე დაყრდნობით შექმნილი ტრანსპორტირების განტოლება ადასტურებს, რომ ქუდის აგორება დამრეც საბჯენზე თავისუფლად შეუძლია 15 ადამიანს, 12 ტონიანი ქუდის შემთხვევაშიც კი“, — წერენ მკვლევრები.
ეს მეთოდი ნიშნავს იმას, რომ ქანდაკებების აღსამართად და მათზე ქუდების „დასახურად“ სულაც არ იყო საჭირო დიდი ოდენობის ხალხი და რესურსი. შედეგად, ეჭვქვეშ დგება მოსაზრება, რომ რაპა-ნუის ხალხმა საკუთარი თავი გაანადგურა ბუნებრივი რესურსების ჭარბად და დაუდევრად გამოყენების გამო.
„სანაცვლოდ ვხედავთ, რომ ქანდაკებებისა და მათი ქუდების შექმნა და ტრანსპორტირება ამ ხალხის აშკარა კულტურული გამოხატულებაა ასეთ გამომწვევ და კონკურენტულ გარემოში“, — წერია კვლევაში.
სამწუხაროდ, ქუდების დიდი ნაწილი ქანდაკებებს უკვე აღარ ახურავს, დროს ვერ გაუძლო.
საუკუნეების განმავლობაში, ეროზიის, კლიმატისა თუ ცხოველთა ქმედებების შედეგად, ქუდების უმეტესობა მიწაზე ჩამოცვივდა და დაიმსხვრა.