აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს,08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“.
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმოძრავებს ავტობუსის რვა დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – „ვარკეთილი“, „დიდუბე“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „სარაჯიშვილი“. ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 28 აპრილს, დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მგზავრობა იქნება უფასო.