აფრიკის ქვეშ არსებული იდუმალი ანომალია დედამიწის მაგნიტურ ველს რადიკალურად ასუსტებს
აფრიკის ქვეშ არსებული იდუმალი ანომალია დედამიწის მაგნიტურ ველს რადიკალურად ასუსტებს

უცნაური რამ ხდება – დედამიწის მაგნიტური ველი დრამატული შესუსტების ფაზაშია. ახალი გამაოგნებელი კვლევის მიხედვით, ეს დარღვევა მიეკუთვნება პროცესს, რომელიც თითქმის 1000 წელია, რაც მიმდინარეობს.

დედამიწის მაგნიტური ველი მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს როდი წარმოქმნის. იგი გვიცავს მზის ქარებისა და კოსმოსური რადიაციისაგან. თუმცა, ეს უხილავი ძალის ველი სწრაფად სუსტდება, რაც მეცნიერთა აზრით, გამოწვეული უნდა იყოს მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებით.

რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ბოლოს ის 780 000 წლის წინ მოხდა, 40 000 წლის წინ კი კვლავ მოახლოვდა.

მაგნიტური პოლუსების გადანაცვლების პროცესი ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

საჭირო მონაცემთა ნაკლებობის გამო, დაზუსტებით არავინ იცის, მოახლოებულია თუ არა შემდეგი გადანაცვლება.


ამ დროისთვის მეცნიერებს განსაკუთრებით აშფოთებს რეგიონი, რომელსაც სამხრეთატლანტიკურ ანომალიას უწოდებენ. ეს ველი გადაჭიმულია ჩილედან ზიმბაბვემდე. ამ ანომალიაში ველი იმდენად სუსტია, რომ მასში შესვლა სახიფათოა დედამიწის გარშემო მოძრავ თანამგზავრთათვის, რადგან გაზრდილი რადიაცია აზიანებს მათ ელექტრონულ აღჭურვილობას.

„დიდი ხანია ვიცით, რომ მაგნიტური ველი იცვლება, მაგრამ არ ვიცოდით, დროის დიდ მონაკვეთში ეს პროცესი ამ რეგიონისთვის ნორმალური მოვლენა იყო თუ უჩვეულო“, — ამბობს ნიუ იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ვინსენტ ჰეირი.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დედამიწის ამ რეგიონის მაგნიტური ისტორიის შესახებ მკვლევრებმა ბევრი არაფერი იციან, არის პალეომაგნიტური მონაცემების ნაკლებობა. ეს გახლავთ დედამიწის მაგნეტიზმის წარსულის ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც არქეოლოგიურ ნაშთებშია შემონახული.

ერთ-ერთი ასეთი ნაშთია უძველეს აფრიკელთა ჯგუფი, რომელიც მდინარე ლიმპოპოს ხეობაში ცხოვრობდა, თანამედროვე ზიმბაბვეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბოტსვანის საზღვრების გასწვრივ. სწორედ ამ რეგიონში ხდება დღეს სამხრეთატლანტიკური ანომალია.

დაახლოებით 1000 წლის წინ, გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით, ამ რეგიონში მცხოვრები ბანტუს ხალხი გულმოდგინედ ასრულებდა ცრუმორწმუნეობრივ რიტუალს.

გვალვის დროს, გასუფთავების წმინდა რიტუალის ფარგლებში, ისინი წვავდნენ თავიანთ თიხის ქოხებსა და მარცვლეულის ყუთებს, რადგან ეგონათ, რომ წვიმა მოვიდოდა. რა თქმა უნდა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ რიტუალით ფასდაუდებელ მონაცემებს უნახავდნენ მეცნიერებს.

„როდესაც თიხას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე წვავ, სინამდვილეში ხდება მაგნიტური მინერალების სტაბილიზება. როდესაც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული თიხა ცივდება, ინახება მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ“, — განმარტავს გეოფიზიკოსი ჯონ ტარდუნო.

ამდენად, უძველეს გამომწვარ არტეფაქტთა ანალიზები დღის სინათლეს ჰფენს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე სამხრეთ აფრიკელთა წინაპრების კულტურას.

„ვეძებდით ანომალიათა განმეორებად ქცევას, რადგან ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს ხდება, გამოწვეულია სამხეთატლანტიკური ანომალიით. აღმოვაჩინეთ მტკიცებულებები, რომლებიც მეტყველებს, რომ ეს ანომალიები წარსულშიც ხდებოდა, რაც გვეხმარება მაგნიტური ველის დღევანდელ ცვლილებათა კონსტექტუალიზაციაში“, — ამბობს ტარდუნო.

„გამოწვის შემდეგ დროში ჩაჭედილი კომპასის“ მსგავსად, არტეფაქტებმა გამოავლინა, რომ სამხრეთატლანტიკური ანომალიის შესუსტება ისტორიაში ერთადერთი ფენომენი არაა.

მსგავსი რყევები მოხდა ახ. წ. 400-450, 700-750 და 1225-1550 წლებში. როგორც ფაქტები გვეუბნება, სამხრეთატლანტიკური ანომალიის ადგილმდებარეობა უბრალოდ გეოგრაფიული შემთხვევითობა არ არის.

„ხელთ გვაქვს ძლიერი მტკიცებულება, რომ აფრიკის ქვეშ, დედამიწის ბირთვისა და მანტიის საზღვარზე რაღაც უჩვეულო ხდება, რასაც შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს გლობალურ მაგნიტურ ველზე“, — ამბობს ტარდუნო.

მიჩნეულია, რომ დედამიწის მაგნიტური ველის ამჟამინდელი შესუსტება, რომელიც სულ მცირე 160 წელიწადია მიმდინარეობს, გამოწვეულია აფრიკის კონტინენტის ქვეშ 2900 კმ სიღრმეზე მდებარე მკვრივი ქანების ვრცელი რეზერვუარით.

„ეს ღრმა მახასიათებელი ათობით მილიონი წლის უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საზღვრები საკმაოდ ციცაბოა“, — განმარტავენ მკვლევრები.

დედამიწის ბირთვის გარე რეგიონის თხევად, ცხელ რკინასა და უხეშ, ცივ მანტიას შორის არსებულ ამ მკვრივ რეგიონზე როგორღაც ზემოქმედებს რკინა, რასაც საბოლოოდ წვლილი შეაქვს დედამიწის მაგნიტური ველის წარმოქმნაში.

რა ხდება იქ რეალურად? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.

მკვლევართა განმარტებით, პოლუსების გადანაცვლების სტანდარტული მოსაზრების მიხედვით, ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს დედამიწის ბირთვის ნებისმიერ ადგილში, მაგრამ როგორც ბოლო აღმოჩენები მიუთითებს, ჩვენს ზემოთ არსებულ მაგნიტურ ველში მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია ბირთვსა და მანტიას შორის მდებარე კონკრეტული ადგილის ფენომენთან.

თუ ეს მოსაზრება მართალია, ხელში ჩაგვივარდება მაგნიტური ველის შესუსტების გამომწვევი ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი. საინტერესოა, რომ ეს მოხდება ათასი წლის წინ ჩატარებული თიხის გამოწვის რიტუალის წყალობით.

„ვიცით, რომ გასული 160 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე დაფიქსირდა უჩვეულო ქცევა, რაც აშკარად რაღაც უფრო დიდი, გრძელვადიანი მახასიათებლის ნაწილია. თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ ეს ქცევა გამოიწვევს პოლუსების სრულ გადანაცვლებას“, — ამბობს ნიუ იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ვინსენტ ჰეირი.

კვლევა ჟურნალ Geophysical Review Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rochester.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით