აფრიკაში, მალავიში BBC-ის გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები შეცდომით თავს დაესხნენ
აფრიკაში, მალავიში BBC-ის გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები შეცდომით თავს დაესხნენ. ბრიტანული ტელერადიოკორპორციის თანამშრომლები აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოში მომხდარ მისტიკურ მკვლელობებთან დაკავშირებით საიდუმლო გამოძიებას ატარებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მალავის ჩრდილოეთ ნაწილში ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ გარდაცვლილების სხეულების ნაწილებს რიტუალური მკვლელები რიტუალების ჩასატარებლად იყენებენ. სხეულის ნაწილებს მდიდარი კლიენტები „წარმატების“ მოსაპოვებლად ყიდულობენ და ამულეტებად იყენებენ.
BBC-ის გადამღები ჯგუფი აღნიშნულ მისტიკურ მკვლელობებთან დაკავშირებით მალავის ჩრდილოეთში საიდუმლო გამოძიებას აწარმოებდა. გადამღებმა ჯგუფმა ერთ-ერთ შესაძლო რიტუალურ მკვლელსაც მიაგნო. მათ თავი კლიენტებად გაასაღეს და შესაძლო მკვლელთან ამულეტის შესაძენად შეხვედრა დანიშნეს.
დეტალების განსახილველად შეხვედრა ღამით გაიმართა, სწორედ ამ დროს, გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები თავს დაესხნენ. მათ BBC-ის გადამღები ჯგუფის წევრები რიტუალურ მკვლელებად მიიჩნიეს. ისინი ჟურნალისტების მიმართულებით ქვებს ისროდნენ და ცივი იარაღით ემუქრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და ვითარების განეიტრალება მოახერხა.