ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა.

ეროვნული გვარდიის მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა MOANA-MPOKO-ზე ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ასევე ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა.

საქართველოში დაბრუნებამდე ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, პაულო აბრეუმ მადლობის სიგელებითა და მედლით – სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის – დააჯილდოვა.

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში „მეამაყება, რომ შესაძლებლობა მაქვს დავხვდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს. ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიის ხელმძღვანელისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შესანიშნავად, სამაგალითოდ და ქართველი სამხედროებისთვის დამახასიათებელი მამაცობით შეასრულეს მისია რთულ და გამოწვევებით სავსე პირობებში; მეთაური აღნიშნული კონტინგენტით განსაკუთრებით ამაყობდა. ჩვენთვის მართლაც სასიხარულოა ამ ტიპის ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა. გვეამაყება, რომ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით და ვმსახურობთ”, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი