African News - გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია
African News - გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია

გაბონის სანაპიროსთან 14 აგვისტოს დაკარგული ნავთობის ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია.

African News-ის ინფორმაციით, გემი მრავალეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა კონგოში აღმოაჩინა.

გამოცემა წერს, რომ საზღვაო სივრცის კონტროლის უზრუნველყოფის მისიას ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ახორციელებდა.

გამოცემა African News-სთან საუბარში ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილემ, კაპიტანმა გოლიელე რუდიმ განაცხადა, რომ ტანკერი კონგოს რესპუბლიკის სანაპიროს გასწვრივ, 26 საზღვაო მილზე აღმოაჩინეს. გოლიელე რუდის თქმით, დაკონტაქტება A ზონის ქვეყნებთან მოხდა და კონგოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო კატარღები გაუშვა.

ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონულ ცენტრზე დაყრდნობით, გამოცემა 360 Post-ი წერს, რომ ტანკერი აშშ-ის სატელიტებმა აღმოაჩინა და ამჟამად გაბონის საპორტო ქალაქ ოვენდოში იმყოფება.

ნავთობის ტანკერ Pantelena-ს აღმოჩენის შესახებ წერს გამოცემა Povo News-იც, რომელიც აფრიკის კონტინენტის პოლიტიკურ ამბებს აშუქებს.

იმყოფებიან თუ არა ტანკერზე მეზღვაურები, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.