თორნიკე რიჟვაძე - კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება
თორნიკე რიჟვაძე - კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება

კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გემთან კავშირი დამყარდა და ამჟამად ტოგოს რესპუბლიკაში მიემართება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი მეზღვაურების ახლობლებს შეხვდნენ.

„მეზღვაურები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. თუ რა გახდა მეზღვაურების გატაცების მიზეზი, მოგვიანებით გავახმაურებთ. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული იყო და მეზღვაურების ინტერესებისა და უფლებების დაცვას სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კონგოს ტერიტორიულ წყლებში, შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, საგარეო უწყება ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყოს პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).

პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.