კომპანია „იალქანში“ კვლავ არ ფლობენ ინფორმაციას იმ გემის ადგილმდებარეობაზე, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
კომპანია „იალქანში“ კვლავ არ ფლობენ ინფორმაციას იმ გემის ადგილმდებარეობაზე, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება

დამსაქმებელი კომპანია „იალქანი“ არ ფლობს ახალ ინფორმაციას, სად არის გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.

გემთან კავშირი 14 აგვისტოს შეწყდა. ხომალდით დასავლეთ აფრიკის ერთერთ ქვეყანაში დიზელის საწვავი გადაჰქონდათ.

„ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა მოხდა, მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემი შესაძლოა, მეკობრეებმა გაიტაცეს, რადგან დასავლეთ აფრიკაში დიზელის საწვავი ძვირად ფასობს, ხშირია მეკობრეების თავდასხმის შემთხვევები. მინდა, აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის სომალელ მეკობრეებზე. გემი “პანტელინა“, რომელთანაც კავშირი დავკარგეთ, მიემგზავრებოდა დასავლეთ აფრიკის გაბონის რესპუბლიკაში“, – განაცხადა “იალქანის მენეჯერმა, ანჟელა ოგანესიანმა

მისი განცხადებით, გემი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, რომელთანაც 20 წელია თანამშრომლობენ და პრობლემები არ შექმნიათ.

გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან 17 ბათუმელი მეზღვაურია, ორი კი რუსეთის მოქალაქე. გემზე დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომელთა ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ჩართულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციები.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას  ახდენდა და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს კავშირი გაწყდა.