კომპანია „იალქანში“ აცხადებენ, რომ გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაურია, სავარაუდოდ მეკობრეებმა გაიტაცეს
კომპანია „იალქანში“ აცხადებენ, რომ გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაურია, სავარაუდოდ მეკობრეებმა გაიტაცეს

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, სავარაუდოდ მეკობრეებმა გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „იალქანი“ ავრცელებს. სწორედ ამ კომპანიამ გაუშვა მეზღვაურები სამუშაოდ. კომპანიაში პირველ არხს განუცხადეს, რომ გემთან, რომელიც დიზელის საწვავით იყო დატვირთული, კონტაქტი 14 აგვისტოს შეწყდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ გემთმფლობელ კომპანიასთან, ვითარების გარკვევის მიზნით.

„პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას  ახდენდა და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს კავშირი გაწყდა.

ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.