აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საბერძნეთში საერთაშორისო ბანაკი გაიმართა
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო, ა(ა)იპ სულიერების ცენტრის, კიდონიასა და აპოკორონუსის მიტროპოლიის თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე 25 მოზარდი საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ კრეტაზე, ქ. ხანიაში მსოფლიო საპატრიარქოს კიდონიასა და აპოკორონუსის მიტროპოლიის საერთაშორისო მულტიკულტურულ ბანაკში ორი კვირის განმავლობაში ინტელექტუალურ, შემეცნებით, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, შეიძინონ და განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბანაკის ფარგლებში, მოზარდებმა უკვე მოინახულეს ღვთისმშობლის სახელობის გონიას მონასტერი და მასთან არსებული მუზეუმი, არკადის მონასტერი და საუკუნეების წინანდელი ბერთა სატრაპეზო, ხანიას საკათედრო ტაძარი, წმინდა სამების მონასტერი, წმინდა იოანეს სახელობის მამათა მონასტერი, თოფლუს მონასტერი, ვენიზელოს სამარხები, კუნძული ელაფონისი, ხანიას „ძველი ქალაქი“ და ე.წ. ვენეციური ნავსადგური.
ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ კიდონიასა და აპოკორონუსის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დამასკინოსი, ხრისოპიღის სტავროპიგიენური დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თეოქსენი და კრეტის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ევგენი მეორის კურთხევით, კრეტის სინოდის წევრი მიტროპოლიტები.
საერთაშორისო ბანაკი, ა(ა)იპ სულიერების ცენტრის დირექტორის, ბესიკ სილაგაძისა და პროტოდიაკონ მირიან სხირტლაძის უშუალო ჩართულობით, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.