აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მიყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მიყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მიყვანილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

როგორც პირველ არხს ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, 45 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

„პაციენტი კლინიკაში დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ იქნა შემოყვანილი, შემოსვლისას აღენიშნებოდა პერეორბიტალური მიდამოს შეშუპება, სახის ჰიპერემია, მრავლობითი წყლულოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ადგილას. სახეზეა ქიმიური ნაერთის ტოქსიკური ეფექტის შედეგად განვითარებული მდგომარეობა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. მდგომარეობა სტაბილურია, უგრძელდება დაკვირვება და მკურნალობა კლინიკაში“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით შვიდი ადამიანი „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“, – განაცხადეს სუს-ში.