აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 70 პროცენტით, რეისების რაოდენობა კი 87 პროცენტით აღდგა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
მათივე ცნობით, 2022 წლის იანვრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 70 პროცენტით აღდგა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 2022 წლის იანვარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 39 049 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).
„პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. იანვრის თვეში, აეროპორტში რეისების 87% აღდგა და 164 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის იანვარი – 188 რეისი). ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.