აეროპორტების გაერთიანება- შიდა ფრენების გაძვირება მოთხოვნის გაზრდას უკავშირდება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, შიდა ფრენების გაძვირება მოთხოვნის გაზრდას უკავშირდება.
„რაც შეეხება სიხშირეებს, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. ნატახტარი-მესტია კვირაში ოთხჯერ, ქუთაისი-მესტია კვირაში ორჯერ, ნატახტარი-ამბროლაური კვირაში ორჯერ და თბილისი-ბათუმი კვირაში ოთხჯერ, L410 და SAAB-ის ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. შიდა რეისებს ქართული ავიაკომპანია „აკ ეარ ჯორჯია“ ახორციელებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
დღეიდან ქუთაისი-მესტიის ფრენის ღირებულება 10 ლარით იზრდება და 50 ლარი ხდება (ერთი გზა). ნატახტარი-მესტიის ფრენის ღირებულება 25 ლარით იმატებს და 90 ლარი ხდება (ერთი გზა). 35 ლარით იზრდება თბილისი-ბათუმის ფრენის ღირებულება და 125 ლარი ხდება (ერთი გზა). უცვლელია მხოლოდ ნატახტარი-ამბროლაურისმიმართულების ფასი (50 ლარი).
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყველა მიმართულებაზე 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30-პროცენტიანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვისთვის ფრენა უფასოა.