ლევან ხაბეიშვილი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად თურქეთში მიდის
ლევან ხაბეიშვილი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად თურქეთში მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად თურქეთში მიდის.

მისივე თქმით, თურქეთში აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რათა უფრო იაფად იყიდოს პირველად მოხმარების პროდუქტები.

„ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე, სულ მცირე, ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან, რატომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეს მარკეტში, ბაზარში შესვლის ეშინია, იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები? როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში? მე პარლამენტში ვაჩვენე კონკრეტული ქვითარი აზერბაიჯანიდან, სადაც ბევრად უფრო იაფია რძე, კარაქი, სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები და ახლა მინდა, საზოგადოებას ვაჩვენო თურქეთის ფასები. ჩვენ ვიყიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ, რამდენად იაფია.

საქართველო-თურქეთის საზღვარზე აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რათა უფრო იაფად იყიდოს პირველადი მოხმარების პროდუქტები, ამიტომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებამ. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. არ არსებობს ოჯახი, რომ მისი ერთი ოჯახის წევრი მაინც არ ხვდებოდეს მარკეტში, ბაზარში ან რაიმე უბნის მაღაზიაში და არ ყიდულობდნენ გაძვირებულ პროდუქტს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი 2024 წლისთვის, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რათა კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.