ადვოკატთა ასოციაციაში ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება
ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ, საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელმა, მარკოს გრანადოს გომესმა და ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელმა, ტრივე სტაფმა.
კონფერენციას ადვოკატთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.
„ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესია და თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობისკენ სწრაფვას, რაც, თავის მხრივ, ევროპული ღირებულებების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან დაახლოება კი, უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობის პრინციპების დაფუძნებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას მოითხოვს. იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად მუშაობს. ამისი დასტურია თითოეული ის პროექტი თუ ინიციატივა, რომელსაც ასოციაცია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, ფიცის დადების ცერემონიალიც გაიმართება. შედეგად, ადვოკატთა კორპუსს კიდევ 150 ახალი წევრი შეემატება. ფიცს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებული ადვოკატები საზეიმოდ დადებენ.