შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობით, გიგი უგულავას ადვოკატმა სასამართლოს მიმართა
ადვოკატი ბექა ბასილაია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
ბექა ბასილაიას განცხადებით, შალვა თადუმაძის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას.
„შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ფაქტიურად ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გიგი უგულავას წინააღმდეგ ფონდის საქმის მიმდინარეობისას შალვა თადუმაძე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას და ნებისმიერი ობიექტური ადამიანისთვის ის ვერ იქნება მიუკერძოებელი მსაჯული. ამავდროულად, მან ახლად დანიშნილ მოსამართლეებთან ერთად ზეპირი მოსმენის გარეშე ჩანიშნა საქმე. ჩვენ გაკვირვებული ვართ, რომ ამ დრომდე მან თვითაცილება არ გამოაცხადა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო ე.წ. ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს.