ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებამ გიორგი ლაფერაშვილს 2015-2017 წლებში „რუსთავი 2“-ში მიღებულ ანაზღაურებასა და პრემიებზე დაუსვა კითხვები
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციოს ხელმძღვანელის გამოკითხვა ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ადვოკატის განცხადებით, კითხვები დაისვა ანაზღაურებაზე და ბონუსებზე, აქვს თუ არა მიღებული პრემიები და რა მიზნით. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, აბსურდულია კითხვები კერძო კომპანიაში თანამშრომელზე გაცემულ ანაზღაურებასთან და პრემიებთან დაკავშირებით და ეს გამოძიების ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს.
გიორგი ლაფერაშვილი კი აცხადებს, რომ დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. ის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირებს.
„მოკლე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, თან მეცინება, რადგან მსგავსი ტიპის კომენტარებს როდესაც მე ვჭრი ხოლმე საეთეროდ, მაშინ ვიცინი, ამჯერადაც ალბათ ასე მოხდება. ალბათ თქვენთვისაც არ იქნება მოულოდნელი, მაქვს დადებული გაუთქმელობაზე ხელწერილი, აქედან გამომდინარე, არ მაქვს საშუალება ვისაუბრო დეტალებზე. არაფერი ახალი და მოულოდნელი არ ყოფილა პაატა სალიას იმ ბრიფინგის მერე, რომელიც თვენახევრის წინ ჩატარდა, პრინციპში გასაგები იყო, რა კითხვებიც ექნებოდათ, ეს არის ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია.
გავიდა დაახლოებით თვენახევარი იმ ბრიფინგიდან, გავიდა ორ თვეზე მეტი ამ საქმის გამოძიებიდან და პროკურატურას დაჭირდა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია გავიდა ეთერში. ბუნებრივია ჩვენ არ ვეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის კატა ნამდვილად იქ არის ვამბობთ, რომ იქ არის და დამიჯერეთ, შავი კატებით არის ის ოთახი სავსე და მარტო ამიტომ ვამბობ, რასაც ვამბობ. 18 ივლისის შემდეგ მე კითხვა აღარ დამრჩა, რა აწუხებს ხელისუფლებას და რა არა. მარტო მე კი არა ბევრ ადამიანს. ეს აბსურდია რაც ახლა ხდება, ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერთან არის ის, რომ პიარულ ნაწილში ხელისუფლება უფრო მოგებული დარჩეს“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.