ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ცემის ფაქტს აღიარებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
როგორც ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს ცემის ფაქტს. ზურაბ ფოფხაძის ადვოკატის თქმით, ბრალდებული საკუთრებას იბრუნებდა, რა დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
„გუშინ მქონდა კომუნიკაცია ბრალდებულთან. ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა, რომ ნამდვილად მან ცემა, დაარტყა, მაგრამ ამას სხვა პერიპეტიები უძღოდა წინ. ეს მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. ზურაბ ფოფხაძე მეგობართან ერთად იყო ახლობლის საფლავზე. როდესაც უკან გამოვიდა ნახა, რომ მის მანქანაში იყო ორი პიროვნება რომლებიც ცდილობდნენ მანქანის წაყვანას.
ბრალდებული შეეცადა, რომ თავისი საკუთრებიდან გადმოეყვანა ეს პიროვნებები. ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, როგორც გადმომცა ბრალდებულმა და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ მოახერხეს მანქანის გაყვანა დაახლოებით 15 მეტრზე. მანქანა დააჯახეს ბოძს, ესენიც თავისთავად გაეკიდნენ და გადმოიყვანეს მანქანიდან. მოხდა შეხლა-შემოხლა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერად იბრუნებდა თავის საკუთრებას, ამას მოყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, ის სავალალო შედეგი. არავინ მიუტოვებიათ, არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონია რაიმე საგანი. არც მიაგდეს და არც უპატრონოდ დატოვეს, არც ნაწამებ მდგომარეობაში ყოფილა. ეს იყო ორმხრივი ჩხუბი, მაგრამ ვინაიდან ეს პიროვნება ძლიერი აღმოჩნდა, მოყვა სავალალო შედეგი. შეცდომაა, როდესაც მათ მაშინვე არ დაურეკეს სასწრაფოს, თუმცა წაიყვანეს სახლში და ოჯახურ პირობებში უწევდნენ დახმარებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქმედებდა ინდივიდუალურად, ეს არ იყო ჯგუფურად. თანხმლები პირი მხოლოდ გაშველებაში მონაწილეობდა, რადგან ამ ეტაპზე ჯგუფურ კვალიფიკაციას ადგილი არ აქვს. თვითონაც ძალიან მწარედ განიცდის ამას“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ დავით გუმბერიძის განმარტებით, არ არის გამორიცხული, საქმეზე სხვა პირის ბრალეულობის საკითხიც გამოიკვეთოს.
„რაც შეეხება ჯგუფურობას, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს ყველა იმ მუხლით, რაც დასახელებულ იქნა პროკურატურის განცხადებაში, მათ შორის ჯგუფურობასთან დაკავშირებით. ამ დრომდე გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. არ გამოვრიცხავთ, ამ კონკრეტულ საქმეზე სხვა ბრალდებულის არსებობას და ასევე წარდგენილი ბრალდების დამძიმებას. მოცემულ საქმეზე დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო რაც შეეხება თანმხლებ პირს, ის არ გახლავთ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, ის დასაქმებულია კერძო სექტორში. ისინი მეგობრები არიან, რომლებიც იმყოფებოდნენ სასაფლაოზე 2 იანვარს, ძმებსა და ამ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ავტომანქანასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე არ გვინდა საჯარო გავხადოთ, რას ეხებოდა ეს კონფლიქტი, ამ შემთხვევაში დაზარალებულის პოზიციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. ავტომანქანა იყო ბრალდებულის საკუთრებაში“, – განაცხადა პროკურორმა.
დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ დაპირისპირების დროს რაიმე საგანი არ ყოფილა გამოყენებული.
„რაც ჩვენ გამოძიებით დავადგინეთ, არანაირი საგანი არ არის გამოყენებული, ეს იყო ურთიერთდაპირისპირება, ჩხუბი, ცემა, რაც დასრულდა ასეთი მძიმე შედეგით. ამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც მოხდა ცემა და გარდაცვლილმა დაკარგა გონება, შესაბამისად დაკავებულმა ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა, რომ არ დაეტოვებინათ უპატრონოდ, წამოიყვანეს ვარკეთილში, მის საცხოვრებელ სახლში. შემდეგ დარეკეს სასწრაფოში. იქ მივიდა სასწრაფო. გადაიყვანეს კლინიკაში და აი, ამის შემდგომ გარდაიცვალა ის პიროვნება. ოჯახმა ეს პირი ნახა კლინიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მძიმე შედეგი დადგა, ჩვენ ვითხოვთ პატიმრობას და ასევე ვითხოვთ ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებას“, – განაცხადა პროკურორმა.
2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 3 იანვარს გამოძიება დაიწყო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.