ადვოკატი ზვიად რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს
პოეტი ზვიად რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ვერ გამოცხადდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკურნალობას სახლში გადის, მას ტვინის შერყევა აქვს და მხარე პროცესის გადადებას მოითხოვს.
გარდა ამისა, რატიანის ადვოკატი მიმართავს პროკურატურას, რათა რატიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ.
„პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააჟღერებს ინფორმაციას, თითქოს ზვიად რატიანმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და გაუწია პოლიციელს წინააღმდეგობა. იგი პროცესზე ვერ გამოცხადდება, მწოლიარე მდგომარეობაშია, აქვს ტვინის შერყევა. ამაზე ინფორმაციას მივაწვდით სასამართლოს და მოვითხოვთ სხდომის გადადებას. რატიანი უარყოფს, რომ თითქოს იგი თამარ მეფის გამზირზე უმისამართოდ იგინებოდა, რაც გახდა შემდგომ მისი დაკავების მიზეზი. ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს”, – განაცხადა ნასრაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს სხდომა, რომელზეც ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე უნდა იმსჯელონ.
როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.