ადვოკატი - ვულოცავ ნონა გაფრინდაშვილსა და მის გულშემატკივრებს „ნეტფლიქსთან“ დავის ეფექტურად დასრულებას, ნონამ თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა და დაპირება შეასრულა
მედიამაგნატ „ნეტფლიქსთან“ მორიგებით ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და მისი იურისტები კმაყოფილი არიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც კომპანია „ბიელბის“ მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ განაცხადა, მათთვის მორიგების პირობები მისაღები იყო. მისივე განმარტებით, მორიგება აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესთავაზათ და საქმეში ცნობილი ამერიკელი მედიატორი ბობ კაიზერი ჩართო.
„სასამართლოშიც და „ნეტფლიქსთნაც“ შედეგი მიღწეულია. ითქვა, რომ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური პერსონაჟი არ უნდა შემოიყვანო ისე, რომ დააზიანო რეალური პირის პატივი და ღირსება. ვულოცავ ნონა გაფრინდაშვილსა და მის გულშემატკივრებს მედიამაგნატ „ნეტფლიქსთან“ ეფექტურად და მოკლე პერიოდში დავის დასრულებას. ამ შედეგს მსოფლიო პრესა იზიარებს. შედეგის წინაპირობა იყო ის, რომ კალიფორნიის სასამართლომ „ნეტფლიქსის“ არგუმენტები არ გაიზიარა. ეს იყო პრეცედენტი კინოინდუსტრიაში, ნონას ძალისხმევამ ეს პრეცედენტი შექმნა. ჩვენ ვიზიარებთ ამ სიხარულს და კმაყოფილებას. ნონამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ იბრძოლებდა ბოლომდე, დაპირება შეასრულა. ამერიკის სააპელაციო სასამართლომ მორიგება შემოგვთავაზა, ავტორიტეტული მედიატორი შემოგვთავაზა, რაც მორიგებით დასრულდა. მიღებული პრაქტიკაა შეთანხმება. შეთანხმების პირობები, მისი ყველა გარემოება, ყველა ნიუანსი მკაცრად კონფიდენციალურია“, -განაცხადა კახა შარაბიძემ და აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსისგან“ ხუთ მილიონ დოლარს ითხოვდა.
ამასთან, კახა შარაბიძის თქმით, „ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორც არის, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით“.
„ბიელბის“ უფროსი პარტნიორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მედიაცია არაერთი თვე მიმდინარეობდა და მისი პირობები მკაცრად კონფიდენციალურია, ყველა პირობა დახურულია.
„კლიენტი კმაყოფილია. სერიალში გავიდა არასწორი ინფორმაცია, რომ ისაა რუსი და მამაკაცებთან არ უთამაშია. ეს იყო არასწორი ინფორმაცია, სრულიად მსოფლიო პრესა აშუქებს, რომ ქართველი ლეგენდაა და კაცებთან უთამაშია. ეს მიზანი მიღწეულია, სრულიად მსოფლიო პრესა წერს. ამ საქმით ამერიკის მართლმსაჯულებაში დიდი კვალი დავტოვეთ, იმდენად პრეცედენტული რამ ითქვა“, – განაცხდა მაია მწარიაშვილმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ „ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს. სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.