ადვოკატი - 9 წლის გოგონას მკვლელობის დროს იაგო ნებიერიძე სახლში იმყოფებოდა, რასაც დედამისი ადასტურებს
გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით გაგრძელდა.
დღევანდელ სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და საქმის გამომძიებლები დაკითხეს. იმის გამო, რომ არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, მხარეები მოწმეების ჩვენებებზე დეტალურად საჯაროდ არ საუბრობენ. თუმცა ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მათ შორის იმ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბრალდების მხარის ერთერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
„მოწმედ გამოკითხულმა ექსპერტებმა მათ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრეს, დაადასტურეს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს. ასევე გამომძიებლებმა დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი სისწორე. ამოღებულ კვლევებზე, ასევე ვიდეო ჩანაწერზე ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტები დაიკითხნენ“, განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ პირდაპირი მტკიცებულება იაგო ნებიერიძის ბრალის დამადასტურებელი ბრალდებას არ წარმოუდგენია. ასევე ადვოკატის განცხადებით შემთხვევის დროს მას ნებიერიძემ უთხრა რომ ის სახლში იმყოფებოდა.
„ექსპერტიზის დაკვნები მრავლად არის ჩატარებული, მაგრამ საქმეში რაიმე არსებითი არ არის ისეთი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იაგო ნებიერიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არაფერი გვინახავს და რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც ღებულობენ მონაწილეობას გამომძიებლები იმას ადასტურებენ. ამბობენ, რომ გამოიტანეს დადგენილება, დანიშნეს ექსპერტიზები, ნიმუში აიღეს – რაც გააკეთეს იმაზეა საუბარი. ნებიერიძე ჯერ არაფერს ამბობს, ამბობს რომ ჩვენებას მისცემს. ხოლო ჩემთან რაც არ უნდა თქვას, მაგაზე კომენტარს ვერ გავკეთებ. მაგას ისიც ეყოფა, რომ საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული და ლამის უკვე ვერდიქტი აქვს გამოტანილი საინფორმაციო წყაროებიდან. რა თქმა უნდა, ირღვევა მისი უფლებები.
მე არ ვიცი, არ მინახავს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულება,რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა მის ბრალეულობას“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.
კითხვაზე დროის იმ მონაკვეთში როდესაც დანაშაული მოხდა სად იმყოფებოდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, ადვოკატი ამბობს, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა ის სახლში იყო და ამის მოწმე მხოლოდ მისი დედაა.
„იაგო ამბობს სახლში ვიყავიო. დედამისი ადასტურებს ამას“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.
ადვოკატის ცნობით ნებიერიძე ამ საქმეზე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატის განცხადებით, ის ჩვენებას აუცილებლად მისცემს სასამართლოს.
იაგო ნებიერიძეს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა.