ადვოკატი - მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებისას მისი უფლებები დაირღვა
საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მეგის ქარდავას შეხვდა.
ადვოკატის ინფორმაციით, იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე და იმ გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებაზე, რომელიც ქარდავას მიმართ არის გამოტანილი.
ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ქარდავას სახელით, სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გავრცელდება განცხადება, სადაც ქარდავა ამ საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებს და ასევე იმაზე, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადირება პროცედურების უხეში დარღვევით მოხდა.
„განაჩენები ყველა გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონით არის დადგენილი. მისი პოზიცია უცვლელია – ის კვლავაც არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას. მის დამოკიდებულებას ექსტრადირებაზე, როგორ იყო, რა პროცედურებით, რა დარღვევებით, ამაზე ერთიან განცხადებას გააკეთებს. ასევე, ისაუბრებს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ როგორ მოხდა ექსტრადირება.
მეგის ქარდავას შეფასებით, წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებზე. სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია საქართველოში მათი შეწყალება და გაშვება, ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ქარდავა დეტალურად ისაუბრებს საკუთარ განცხადებაში. მისი შეფასებით, წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებს შორის, საქართველოში მოხდა მათი შეწყალება და გაშვება დაკავებულების, ხოლო მისი გადმოცემა იყო შეთანხმების ნაწილში. იმიტომ მოხდა დაჩქარებულად ყველაფერი და იმიტომ მოხდა ყველანაირი პროცედურის დარღვევით. ამაზე ქარდავა დეტალურად ისაუბრებს საკუთარ განცხადებაში. მისი უფლებები დარღვეულია. თავშესაფრის მაძიებელი იყო და სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, არც უკრაინას ჰქონდა უარი ნათქვამი. ამის მიუხედავად, განხორციელდა ექსტრადირება. ასეთი დარღვევა საქართველოშიც კი არ ხდება“,- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.