ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა, ვინაიდან საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა. არსებული ჩვენებები დადასტურებულად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასევე, უამრავი მტკიცებულება დარღვევით იყო მოპოვებული და ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რომ სასამართლოს უარეყო ისინი. ამის ნაცვლად, გამამტყუნებელი გამოუტანა, რაზეც აუცილებლად საკასაციო წესით გავასაჩივრებთ, როცა შიდა ინსტანციებს ამოვწურავთ და თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგზე ვიმსჯელებთ. ბრალდებას ჰქონდა მხოლოდ დაზარალებულების და იქ ციხეში მომუშავე რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება. ეს ადამიანები ასევე დანაშაულის ჩამდენი პირები არიან და მათი პასუხისგებაში მიცემა არ მოხდა მათივე ჩვენებიდან გამომდინარე. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ჩვენებას იმიტომ იძლევიან, რათა თავი აირიდონ პასუხისმგებლობას. ეს არის იმის საფუძველი, რომ მათი ჩვენება არ იქნეს ობიექტურად შეფასებული და გაზიარებული. სხვა მტკიცებულებები ისეთი არაფერი არ ჰქონიათ. დანარჩენი რაც იყო, ყველაფერი დაცვის მხარის სასარგებლოდ იყო“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჭაკუა პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.