თორნიკე ქვათაძის ადვოკატი - იმედი მაქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება
თორნიკე ქვათაძის ადვოკატი - იმედი მაქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება

სასამართლომ თორნიკე ქვათაძის შემთხვევაში ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თორნიკე ქვათაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა სასამართლომ, რადგან არ არსებობდა საფუძველი. სწორედ ეს იყო ჩვენი დასაბუთება. მას აქვს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და სასამართლომ ეს გაიზიარა. ქვათაძეს ბრალიც კი უკანონოდ აქვს წარდგენილი და იმედი მაქვს, შეწყდება ეს სასამართლო განხილვა და აღარ მოხდება მის მიმართ გამოძიების გაგრძელება. მოცემულ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ სასამართლომ ქვათაძის შემთხვევაში მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება სრულად“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორ მარიკა გოგოხაის განცხადებით, ბრალდების მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ეხება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა ხუთივე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აქედან ორს ბრალი ედებოდა ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, ხოლო სამ პირს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა ოთხი პირის მიმართ, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. პირებს, რომლებსაც ედებათ ბრალი ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, ორივეს შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება ერთ პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, სასამართლომ იმსჯელა, რომ ის უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ბრალდების მხარე აპირებს რომ გაასაჩივროს ეს ზემდგომ ინსტანციაში“,- განაცხადა პროკურორმა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი