ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი - მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ, შემდეგ ბავშვი დადიოდა და მშობლებისთვის უცნობი იყო, რა ფოტოების გადაღება ხდებოდა
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი - მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ, შემდეგ ბავშვი დადიოდა და მშობლებისთვის უცნობი იყო, რა ფოტოების გადაღება ხდებოდა

ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული, მშობლები მხოლოდ პირველზე არიან დასწრებული, – ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულთაგან ორი პირის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ბავშვის მშობლების ინტერესებს იცავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობლები არიან. ისინი არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ვაცნობიერებთ, როგორია საზოგადოების განწყობა ამ დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ დანაშაული არავის დამტკიცებია, ეჭვია, რაც ბრალდებას აქვს. ამის საპირისპიროდ ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ მათ არანაირი შემხებლობა სურათების გადაღებასთან, რაზეც ბრალდება ამბობს, რომ იცოდნენ და ამის სანაცვლოდ რამე გარიგებაში იყვნენ, მსგავსს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდება ედავება, რომ ბავშვი მიაქირავეს სურათების გადასაღებად, რისთვისაც ანაზღაურებას იღებდნენ.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა. თავიდან რაზეც იყო დათანხმება, ფოტოსესიაზე, ეს იყო სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია, სადაც ბავშვი დადიოდა უბრალოდ და მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში მხოლოდ რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა და ძირითადად გორში ტარდებოდა.

„თავიდან იყო საუბარი, რომ სხვადასხვა გარემოების გამო იღებდნენ, მაგრამ კონკრეტულად რეკლამისთვის ჩვენთან მიმართებით არ ყოფილა. შეიძლება, სხვას უთხრეს. ორი წლის განმავლობაში არის გადაღებული. ორი წელი არის ძალიან დიდი დრო. ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველზე არიან დასწრებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მშობლები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ფოტოები სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო.

„ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო. უღებდნენ ფოტოებს, რომლებიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა. ბავშვი ყოველი ფოტოსესიის შემდეგ ხან „ფეისბუქზე“ დებდა სურათებს, ხან მიჰქონდა და იქ ჩვეულებრივი სურათები იყო. იმის იქით თუ რამე სურათს უღებდა ის ადამიანი და ბავშვიც მალავდა, ეს არ იცოდა მშობელმა. ჩვენთან მიმართებით თანხის აღება არ არის დადასტურებული, რომ აეღოს. ერთს ეუბნებიან, რომ 3 000 არის აღებული თანხაო, მაგრამ ჩვენთან მიმართებით არ აუღია არც ერთ მშობელს“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.