ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი გირაოს თანხას დღესვე გადაიხდის
ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი გირაოს თანხას დღესვე გადაიხდის

ლევან ჯიბღაშვილი გირაოს თანხას დღეს გადაიხდის და პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდება, – ამის შესახებ ლევან ჯიბღაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი რის გამოც, პროკურატურამ ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა არის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქამდე ადმინისტრაციული ჯარიმაც კი, არ ჰქონია.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატის ინფორმაციით, ის ბრალს სრულად აღიარებს. ამასთან, ამირან გიგუაშვილი საბრალდებო ეპიზოდსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების სახეობასა და ოდენობაზე არ საუბრობს.

თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორმა, ნანა ჯაყელმა განაცხადა, პროკურატურამ გირაოს შუამდგომლობა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით დააყენა, მათ შორის არის ის, რომ ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და ის არ არის წარსულში ნასამართლევი.

მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილს ორი სახეობის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, თუმცა ეს არ ყოფილა 20 აბი.

პროკურორის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და სახეობაზე დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმოვანებს.

მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი  გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.