ადვოკატი - ლერი სულაბერიძის საქმეზე ირაკლი ღლონტის მიმართ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს
იმ ქმედებების ჩადენაში, რასაც ირაკლი ღლონტს ედავებიან, სრულიად უდანაშაულოა, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებული პირის, ირაკლი ღლონტის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ბრალდებულთან შეხვედრას გეგმავს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარუდგინეს. ის დანაშაულს არ აღიარებს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მასალები ახლა გადმოგვეცა. დროის უქონლობის გამო დეტალურად არ გავცნობილვარ, თუმცა არანაირი პირდაპირი მტკიცებულება განზრახ მკვლელობის ნაწილში, ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ არსებობს. მეტიც, რასაც თვალი გადავავლე, გამოძიების ფარგლებში იარაღიც კი არ არსებობს. იმ ქმედებების ჩადენაში, რასაც მას ედავებიან, ის სრულიად უდანაშაულოა. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ მას შეიძლება სხვა რამე ტიპის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, მაშინ სათანადო მტკიცებულებები უნდა მოიძიონ და წარადგინონ. მე პიროვნებას დაახლოებით ორი საათის წინ ვესაუბრე, მას გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად არ მიუცია. დროის უქონლობის გამო დეტალების გამოკითხვა ვერ მოვახერხე. დღეს გვიან ან ხვალ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შევხვდები ირაკლის. როგორ შეიძლება იმ დანაშაულის მოტივი და მიზანი ვეძებოთ, რომელსაც პირი აცხადებს, რომ არ ჩაუდენია. თვითონ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიც არის წარმოდგენილი, სადაც ის აცხადებს, რომ ვინ ესროლა არ იცის“, – განაცხადა ირაკლი ღლონტის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ირაკლი ღლონტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართავს.