ადვოკატი იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაზარალებულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფორმატში შედეგი მიღწეული იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ლონდარიძემ განუცხადა, საქმეში ბევრი პრობლემა არსებობს როგორც საგამოძიებო მოქმედებების მხრივ, ასევე სასამართლო პროცესის წარმოებისა და ექსპერტიზის ჩატარების თვალსაზრისით.
„ჩვენ აქ ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოლოდინი გვაქვს, კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული. სხვაგვარად, კომისიასთან არ ვითანამშრომლებდით და აქ არ ვიქნებოდით. კითხვები მრავალმხრივია და ვეცდებით, პასუხები გავცეთ. ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას ვითხოვთ, ვინც საქმეში არა მხოლოდ მონაწილეობდა, არამედ ვინც ხელი შეუწყო იმას, რომ ასეთი გართულებული პროცედურები მიგვეღო. ეს არის აუცილებელი, რათა ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულება მივიღოთ“, – აღნიშნა ლონდარიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგშია დაზარალებული ოჯახებისა და მათი ადვოკატების გამოკითხვა, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესული წერილის განხილვა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ახსნა-განმარტებისთვის კომისიის შემდეგ სხდომაზე დასაბარებელ პირთა თანმიმდევრობის განსაზღვრა და სხვა საკითხები.