ადვოკატი - გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს
ადვოკატი - გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს

გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს, – ამის შესახებ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, პოლიციას, რომელმაც გიორგი რურუა ვაკეში გააჩერა, მისი ჩხრეკა არ მოუხდენია და შესაბამისად, იარაღი არ ამოუღიათ. საძაგლიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ამასთან, დასკვნით სიტყვაში დიმიტრი საძაგლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის მაყუჩზე, რომელიც საქმეში დევს, რურუას დნმ-ის ნიმუში გამოძიებამ გადაიტანა.

სხდომა თითქმის სამი საათია მიმდინარეობს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ დღეს გავიდეს.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.