ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას ოჯახის განცხადება, რომ პეტრე ყუფარაძე დამნაშავე არ არის, საქმის მასალებს ემთხვევა
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პეტრე ყუფარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა არ იკვეთება.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრე ყუფარაძის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
„მისი თქმით, აღნიშნავდნენ ბადრი ჩხეტიანის დაბადების დღეს უბნელები, სადაც პეტრე ყუფარაძეც უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ახლობელი გარდაეცვალა და რუსთავში გახლდათ. ის დაბრუნდა თბილისში მაშინ, როდესაც სუფრა უკვე იშლებოდა. იქ იყო კახა ჩხეტიანი და სამი უცნობი პიროვნება, ჩხეტიანების ნათესავები. მან სადღეგრძელო დალია და შემოესმა კამათი, რომელიც ღვინოს ვარგისიანობაზე ხდებოდა. იქ ცოტნე არ ყოფილა. ყუფარაძის მისვლის შემდეგ ხუთ წუთში მივიდა ცოტნე. როგორც ჩანს, გასული იყო. ცოტნეს დაბრუნების შემდეგ, დაიწყო შელაპარაკება. ამ დროს კახა ჩხეტიანმა საკუთარი ნათესავები გაიყვანა გარეთ. ცოტნესაც უნდოდა გასვლა, თუმცა ყუფარაძემ არ გაუშვა. ხუთი წუთის მერე გაიხედა და ცოტნე აღარ იყო. გამოვიდა ყუფარაძე გარეთ და აღარავინ დახვდა. წავიდა სახლისკენ და შემოესმა ხმაური. ცოტნეს სახლისკენ ჩოჩქოლი შენიშნა. გაიქცა იქით და სანამ მიუახლოვდა, ორი პიროვნება გაიქცა. მესამე, რომელიც ყავარჯნებით იყო, ვერ გაიქცა. ცოტნემ მასთან ჩხუბი გააგრძელა. ამ დროს, ის უკვე დაჭრილი იყო. ყავარჯნებიანი გაიყვანა კახა ჩხეტიანმა, ცოტნე კი, გამოიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა. ცოტნე ჩაიკეცა და ყუფარაძემ ნახა, რომ მას თავი ჰქონდა გახეთქილი და სისხლი მოსდიოდა. ქურთუკი ჰქონდა შემოხეული და მხარში იყო დაჭრილი“, – განაცხადა ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.
ამასთან, ადვოკატმა პეტრე ყუფარაძის დაკითხვაზე გადაყვანის შესახებაც ისაუბრა.
„მოვიდა პოლიცია და მან ნახა, როგორ ეკავა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტნე. მან უთხრა პოლიციას, რომ დაჭრილი იყო, ამას ადასტურებენ მოწმეები, მათ შორის კახა ტალახაძე. ამ დროს მოვიდა სასწრაფო და ცოტნეს შეჰყვა ყუფარაძეც სასწრაფოს მანქანაში, მათ გაჰყვა კახა ტალახაძეც, რომელიც მათი მეზობელია. მას შემდეგ, რაც მიიყვანეს საავადმყოფოში დაჭრილი, ტალახაძე და ყუფარაძე წაიყვანეს დაკითხვაზე. ის იყო ნასვამი, არ უნდა გამოეკითხათ, მაგრამ მან მაინც ყველაფერი მოჰყვა, გარდა იმისა, რა ხდებოდა სუფრასთან, თუმცა დამატებით ესეც მოუყვა გამომძიებლებს შემდეგ. ყუფარაძე მაინც დააკავეს.
პეტრე ყუფარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო წესით გასაჩივრდება. მე მოვითხოვ, რომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ შეეფარდოს, ალტერნატივად კი 2 000-ლარიან გირაოს შევთავაზებთ“, – განაცხადა ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს 22 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლო სხდომაზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.